თეგი: ნოტარიუსი

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ნოტარიუსის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, ცვლილებებით, ეს ასაკი – 70 წლამდე გაიზრდება. მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს არაუმეტეს – ხუთი წლით. „კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე”, – განმარტავს მთავრობა.

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ასაკი გაიზარდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება. კანონის მოქმედი რედაქციით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, თუმცა იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად, ეს ინსტიტუტი ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობების და იურიდიული ფაქტების დამდასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა მინისტრს ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომ ეს ასაკი ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე გაეზარდა. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება. გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში. ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.​  

პროკურატურის ცნობით, დააკავეს 2 ნოტარიუსი, რომლებიც იპოთეკაზე ხელშეკრულების დადებისას კლიენტებს ატყუებდნენ

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. „ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობითვე, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.