თეგი: ოპერატორი

ოპერატორი ილია თვალიაშვილი: 5 ივლისის აქციის შემდეგ, დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას

ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო, - ეს სიტყვები ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაშავებულმა ოპერატორმა ილიკო თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელიც დაზიანებულ ჟურნალისტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მისი კოლეგების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაიკითხა. „არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება. ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა", - განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.

ევროპის უდიდესმა სატელიტურმა ოპერატორმა კიდევ ერთი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა შეწყვიტა

საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციის სამმართველომ (Arcom), სატელიტურ ოპერატორ Eutelsat-ს რუსული არხის НТВ "Мир"-ის შეწყვეტის შესახებ აცნობა. ამის შესახებ France24 იუწყება.  „ჩვენ შევასრულეთ Arcom-ის განკარგულება“, - აცხადებენ Eutelsat-ში.  თავის ვებგვერდზე რეგულატორი წერს, რომ НТВ "Мир"-მა არაერთხელ წარმოადგინა უკრაინის მთავრობა, ჯარი და მოსახლეობა, როგორც „მესამე რაიხის“ იდეოლოგიის მატარებლები, რაც საფრთხეების შემცველია.  სატელიტი Eutelsat-ი НТВ "Мир"-ის ტრანსლირებას ევროპის მასშტაბით ახორციელებს.  ცნობისათვის, ივნისის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კავშირის ტერიტორიაზე РТР "Планета" -სა და "Россия 24" ტრანსლირება შეუწყდათ.