თეგი: პროფკავშირები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. „ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელფასების ზრდა და არა ის პილოტური მოდელი, რომელიც ადრეც იყო დანერგილი სასწრაფოში და არ გაამართლა. აქედან გამომდინარე დასაქმებულები დამსაქმებელს უხსნიან, რომ ეს მოდელი ადრეც იყო და მან არ გაამართლა. შესაბამისად, არ უნდა დაინერგოს და დრო ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი კვირა მოითხოვეს იმისათვის, რომ ახალი მოდელი შეემუშავებინათ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ მათ ხელფასების ზრდის მოდელი კი არ შემოგვთავაზეს, არამედ თორმეტ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულებისთვის თითქმის ორმაგ სამუშაოს გულისხმობს. როცა 27 მაისს აქცია გავმართეთ, მათ დღევანდელ დღემდე მივეცით ვადა, რათა გადაწყვეტილება მიეღოთ, პროფკავშირებისთვის და სასწრაფოში დასაქმებულებისათვის დაეძახათ და ერთად რაიმე სახის მოდელი შეგვემუშავებინა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, არამედ ჩვენ გვაქვს სურვილი ცივილურად შევხვდეთ სამინისტროში და გადავწყვიტოთ რა ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს  

პროფკავშირების გაერთიანება: სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ქართულ სასამართლოშიც ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს სწორედ პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზააციის MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა. „ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არც ერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს სამი მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით. დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულლებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია“, – აცხადებენ პროფკავშირებში. მათივე ცნობთ, სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში. „დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო პირველი ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.