სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს.
„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელფასების ზრდა და არა ის პილოტური მოდელი, რომელიც ადრეც იყო დანერგილი სასწრაფოში და არ გაამართლა. აქედან გამომდინარე დასაქმებულები დამსაქმებელს უხსნიან, რომ ეს მოდელი ადრეც იყო და მან არ გაამართლა. შესაბამისად, არ უნდა დაინერგოს და დრო ტყუილად არ უნდა დაიკარგოს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთი კვირა მოითხოვეს იმისათვის, რომ ახალი მოდელი შეემუშავებინათ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ მათ ხელფასების ზრდის მოდელი კი არ შემოგვთავაზეს, არამედ თორმეტ საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა შემოგვთავაზეს, რაც დასაქმებულებისთვის თითქმის ორმაგ სამუშაოს გულისხმობს.
როცა 27 მაისს აქცია გავმართეთ, მათ დღევანდელ დღემდე მივეცით ვადა, რათა გადაწყვეტილება მიეღოთ, პროფკავშირებისთვის და სასწრაფოში დასაქმებულებისათვის დაეძახათ და ერთად რაიმე სახის მოდელი შეგვემუშავებინა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ეს საუბარი, შეხვედრა და მოთხოვნა ქუჩაში გადავიტანოთ, არამედ ჩვენ გვაქვს სურვილი ცივილურად შევხვდეთ სამინისტროში და გადავწყვიტოთ რა ტიპის გადაწყვეტილება მივიღოთ. სამწუხაროდ, სამინისტროს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა და ჩვენ მათ შემოთავაზებას ველოდებით“, - განაცხადა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა ირაკლი ამირანაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ
- სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს