თეგი: რეზერვი

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო, ძლიერი რეზერვის მოდელის შექმნაზე მუშაობს

„ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.  თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს. „ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და  ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის პროცესზეც ისაუბრა. „ჯარის პოპულარიზაცია არის  საკითხი, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს, ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ,  მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.  თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. „ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.  

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს. ბურჭულაძის თქმით, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში. „დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.