ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი. ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამოცანას, რომელსაც კარგად მომზადებული რეზერვი ჰქვია, საქართველო აუცილებლად მიაღწევს.
ბურჭულაძის თქმით, სწორედ ეს, ასევე რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში.
„დოკუმენტები, სამართლებრივი აქტები არეგულირებს ჩვენს მოკლევადიან და გრძელვადიან განვითარებას. ყველა დოკუმენტი შემუშავდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ასევე კოდექსიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა ეტაპზე გავიარეთ და იმ ვერსიაზე, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი, ამაზე ვთანხმდებით ყველა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.