თეგი: საქციები

შემოსავლების სამსახური: საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს

ფინანსთა სამინისტრო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობი რკინიგზით შემოაქვთ. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულა, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. „საჯაროდ, სრული კატეგორიულობით, ვაცხადებთ, რომ საქართველო მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი ან მტკიცებულება. საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი უფლებამოსილების სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების მკაცრ კონტროლს და პრევენციულ საქმიანობას. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. 2022 წლის ივნისში, ევროკავშირის საბჭომ (Council of the European Union) მიიღო სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც, სხვა შეზღუდვებთან ერთად, კრძალავს საზღვაო გზით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, იმპორტს ან გადატანას რუსეთიდან ევროკავშირში. შეზღუდვები ვრცელდება 2022 წლის 5 დეკემბრიდან ნედლ ნავთობზე და 2023 წლის 5 თებერვლიდან სხვა რაფინირებული ნავთობპროდუქტებისთვის. აღნიშნული აკრძალვის ამოქმედებასთან ერთად, სანქციების მეცხრე პაკეტით ევროკავშირმა - დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საერთაშორისო კოალიციასთან ერთად, დაამტკიცა ზღვრული ფასები ზღვით გადაზიდულ რუსულ ნედლ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. აკრძალვის მიზანს წარმოადგენს: გლობალურ ბაზარზე ზღვით რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების შენარჩუნება, ასევე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის აღკვეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ, ნავთობპროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მკვეთრად შემცირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკრძალვა ეხება რუსული ნავთობროდუქტების საზღვაო გზით ტრანსპორტირებას მესამე ქვეყნებში, თუ აღნიშნული შეძენილია ნავთობის ფასის ზღვარზე ან ზემოთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება, თუ რუსული ნედლი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები გადაადგილდება არასაზღვაო გზით (სარკინიგზო გზით) ან შეძენილია ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ზღვრული ფასის ქვემოთ. საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,ზედე ოილი“), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში. კიდევ ერთხელ, უწყების მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ზემოაღნიშნული მედია საშუალების მხრიდან“, - წერია განცხადებაში.  

აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ

შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაცხადა, რომ სანქციებს აწესებს სამი კომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სამი გემის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის გაყიდვის სქემებში მონაწილეობენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში. „გემებმა NS Champion,Viktor Bakaev და HS Atlantica გადაიტანეს რუსული ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 70 დოლარს აღემატება, ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა Sterling Shipping Incorporated-ისა და Streymoy Shipping Limited-ის მიმართ (მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში), ასევე, ლიბერიულ კომპანია HS Atlantica Limited-ის მიმართ. ისინი იმ სამი გემის რეგისტრირებული მფლობელები არიან, რომლებმაც რუსული ნავთობი გადაიტანეს. გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები ასევე დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოეხსნათ მოსამართლეებს სანქციები

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა. „საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ,“ - განაცხადა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი კატეგორიულია თავის მოთხოვნაში, მოეხსნათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს, ვინაიდან, მსგავსი სახის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. „მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი. ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და თან შენ და შენი ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, რომ გარკვეული სამედიცინო ჩარევებიც კი სჭირდებოდეს ამის გამოსწორებას.ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი. შესაბამისად, თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ -მა ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის აპრილში დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განმარტა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.