აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ

შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაცხადა, რომ სანქციებს აწესებს სამი კომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სამი გემის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის გაყიდვის სქემებში მონაწილეობენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში.

„გემებმა NS Champion,Viktor Bakaev და HS Atlantica გადაიტანეს რუსული ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 70 დოლარს აღემატება, ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში.


გარდა ამისა, სანქციები დაწესდა Sterling Shipping Incorporated-ისა და Streymoy Shipping Limited-ის მიმართ (მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში), ასევე, ლიბერიულ კომპანია HS Atlantica Limited-ის მიმართ. ისინი იმ სამი გემის რეგისტრირებული მფლობელები არიან, რომლებმაც რუსული ნავთობი გადაიტანეს.

გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები ასევე დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ.

დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ.


რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.