თეგი: ქარი

ძლიერმა ქარმა დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა. მერიის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. „ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება“, - აცხადებენ მერიაში.

წვიმა და ძლიერი ქარი დღესაც მოსალოდნელია

3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გვიან ღამით, თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წყლის ნაკადის გამო, მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. ანაოლიგიური ვითარება იყო გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც. რიგ უბნებში დაიტბორა სარდაფებიც.  

სინოპტიკოსები მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ

სინოპტიკოსები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და მოსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებენ:"20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიო", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ძლიერი ქარი აჭარაში - ქობულეთში ერთი ადამიანი დაიღუპა

აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. სამი ადამიანი კი ბათუმში დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. „ერთ ქალს შუშა დაეცა, ასევე ჯიხური გადაბრუნდა და მეორე ადამიანიც დაშავდა, ისიც კლინიკაშია გადაყვანილი. 17 წლის ბიჭი კი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება”, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული. „ძლიერმა ქარმა ბათუმი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ელექტრო გადამცემი ბოძები და სადები დაზიანებულია, შეფერხებულია ბათუმის მთავარ შემოსასვლელში მოძრაობა, თამარის მეფის გამზირზე ელექტრო ბოძები არის წაქცეული”, - განაცხადეს ბათუმის მერიაში ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.  

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისის მერიის განცხადებით, ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. „ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა  ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა. თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები,  გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222.“ წერია განცხადებაში.