თეგი: შობადობა

ჩინეთში შობადობა იმდენად დაეცა, რომ აბორტები ნაწილობრივ აკრძალეს - BBC

ჩინეთში, შობადობის მკვეთრად შემცირების გამო, ხელისუფლებამ აბორტები ნაწილობრივ აკრძალა. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა რუსული BBC ცნობით, შობადობა ჩინეთში ბოლო ათწლეულში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ბერდება, მთავრობა კი სიტუაციის გამოსასწორებლად მკვეთრ ზომებს იღებს. ჯანდაცვის წარმომადგენლების რეკომენდაციით, ჩინეთში ორსულობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ გაფართოვდება სოციალური დახმარება დედებისთვის და ნაყოფიერების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. Countrymetrics.info-ს მიხედვით, ჩინეთი დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობით პირველია.   

2023 წელს, რუსეთში ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა 1991 წლის შემდეგ

2023 წელს, რუსეთში შობადობის შემცირებამ რეკორდულ დონეს მიაღწია სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ამის შესახებ დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რეესტრისა და რუსეთის სტატისტიკური სამსახურის მონაცემების გაანალიზების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, გასულ წელს რუსეთში 1,213 მილიონი ბავშვი დაიბადა. ამ მონაცემებში არ შედის ანექსირებული ყირიმი და ასევე, ჩეჩნეთი, რომელთა სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ბოლოს რუსეთში შობადობის ვარდნა 1999 წელს დაფიქსირდა. 2023 წელს რუსების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 73,5 წელი იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. რაკშა ეჭვობს, რომ უკრაინაში, ფრონტზე დაღუპულთა 30-40% ამ სტატისტიკაში შეტანილი არ უნდა იყოს, რამაც, შესაძლოა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი შეამციროს „ორი მეათედით, ხოლო მამაკაცებისთვის - ორჯერ მეტად.“ რუსეთის სოციალურმა ფონდმა, შარშან შემოდგომაზე გამოაქვეყნა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს, ქვეყანაში, 1,245 მილიონი ადამიანი დაიბადებოდა, 2024 წელს - 1,172 მილიონი, 2025 წელს 1,153 მლნ, ხოლო 2026 წელს - 1,143 მლნ.  

საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში შობადობა 5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის, 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ხუთი პროცენტით. საქსტატის ცნობით, 2023 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 13 697 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 226 ბავშვი. უწყების ანგარიშის მიხედვით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე. 2023 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან ექვს პროცენტამდე გაიზარდა. 2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი). ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა — 9.5 პრომილე. 2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29,7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის —32,1 წელს. რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.