თეგი: ხე-ტყე

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს, - ამის შესახრბ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა. „ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეს, ქალაქ ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით, განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.  

ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან - 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 - გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 - გამოვლენილია შიდა ქართლის, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - იმერეთის, 20 - გამოვლენილია გურიის, 11 - გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 7 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარმღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ტყის, დაცული ტერიტორიების, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა, უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს გადაეცემა. „კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს, ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი, სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე განკარგონ. ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.  

2022 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.  

იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის იანვარის თვეში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333 361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის 118 67 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი და 214 691 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შვიდი – ქვემო ქართლის, ოთხი – მცხეთა-მთიანეთის, 13 – შიდა ქართლის, ათი – სამცხე-ჯავახეთის, 21 – იმერეთის, ერთი – გურიის, ორი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.