უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს

უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის რეალიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს, - ამის შესახრბ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა.

„ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.