თეგი: ხუდონჰესი

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2023 წელს ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება იგეგმება. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება. „მთავრობამ მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდრო ელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. შეგახსენებთ, ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტრო სისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის, იგივე არსებული ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში ერთის მხრივ, გენერაცია და ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავზარდოთ. 13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა. ჩვენ გვყავდა საერთაშორისო იურიდიული კომპანია ჩართული, რომელიც ამ მორიგების პროექტს ამზადებდა. ასევე მათი მონაწილეობით ხდებოდა მხარეებს შორის კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ, დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები და შესაბამისად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეგვიძლია პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ხუდონჰესის პროექტში ცვლილებები შევა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო თუ სხვა რისკი. „ჰესებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ეს არის ხუდონჰესიც, ნენსკრაც და ნამახვანჰესიც. ნენსკრასთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. იმედი გვაქვს, ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას. რაც შეეხება ნამახვანჰესს, იცით, რომ ხელშეკრულება შეწყდა. ნამახვანჰესი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ინტენსიური დიალოგით განხორციელდება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია. პროექტს არ აქვს არანაირი, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის. ასევე, ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები იცით. ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და გარკვეული ტერიტორიების დატბორვა აგვეცილებინა. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც არსებულ პროექტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. სიმძლავრე იცვლება, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი. „ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. ამიტომ მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანია “შტუპისთან“ მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია სექტემბერში გვექნება. ეს არსებულ პროექტში ცვლილებებს გულისხმობს. მათ შორის იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია. პროექტი ახალი პირობებით სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით განხორციელდება და კვალიფიციური პარტნიორები გვეყოლება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.