ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური დიალოგით განხორციელდება.
მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პროექტს არ აქვს არანაირი გარემოსდაცვითი, სამშენებლო თუ სხვა რისკი.
„ჰესებთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ეს არის ხუდონჰესიც, ნენსკრაც და ნამახვანჰესიც. ნენსკრასთან დაკავშირებით იცით, რომ ჩვენ ძირითადი ჩარჩო შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ. ახლა მიმდინარეობს დეტალური ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო საკითხებს განსაზღვრავს. იმედი გვაქვს, ინვესტორი შეძლებს პროექტის დასრულებას და განხორციელებას.
რაც შეეხება ნამახვანჰესს, იცით, რომ ხელშეკრულება შეწყდა. ნამახვანჰესი სახელმწიფოს ინტენსიური ჩართულობითა და ინტენსიური დიალოგით განხორციელდება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან იმიტომ, რომ სწორად მოხდეს კომუნიკაცია. პროექტს არ აქვს არანაირი, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სამშენებლო და სხვა რისკი, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის.
ასევე, ხუდონჰესთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები იცით. ჩვენი ინტერესი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და გარკვეული ტერიტორიების დატბორვა აგვეცილებინა. ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან, რომელიც არსებულ პროექტში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. სიმძლავრე იცვლება, დიზაინი, ლოკაცია და შესაბამისად, ახალი პირობებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება. სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით გვეყოლება ძალიან კვალიფიციური პარტნიორები,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით შვეიცარიულმა კომპანიამ მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგები სექტემბერში გახდება ცნობილი.
„ხუდონჰესთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ის კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც სვანეთში არსებობს და აგვეცილებინა გარკვეული ტერიტორიების დატბორვა. ამიტომ მუშაობა წამყვან შვეიცარიულ კომპანია “შტუპისთან“ მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა, რომელმაც კვლევები ფაქტობრივად დაასრულა და ამის შესახებ განახლებული ინფორმაცია სექტემბერში გვექნება. ეს არსებულ პროექტში ცვლილებებს გულისხმობს. მათ შორის იცვლება სიმძლავრე, დიზაინი, ლოკაცია. პროექტი ახალი პირობებით სახელმწიფოს ინტენსიური მონაწილეობით განხორციელდება და კვალიფიციური პარტნიორები გვეყოლება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.