თეგი: ჰიტლერი

ისრაელი მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელი ლავროვს ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში ადანაშაულებს. „ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საელჩოსა და თავად ლავროვის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.  

უკრაინის საგარეო უწყება: პუტინის რეჟიმმა თავისი ბარბაროსული მეთოდებით უკვე „აჯობა“ ჰიტლერის მესამე რაიხს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბარბაროსული მეთოდებით პუტინის რეჟიმმა უკვე აჯობა ჰიტლერის მესამე რაიხს. ამ ომში რუსული არმიის სისასტიკემ მსოფლიო შოკში ჩააგდო, რუსი სამხედროების დანაშაულის გამოძიება უკვე მიმდინარეობს, რათა ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ომის გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობა, რადგან რუსეთი ღიად უქმნის საფრთხეს ევროპაში მშვიდობას და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, ბლოკავს გადაზიდვებს უკრაინის პორტებიდან და ემუქრება სოფლის მეურნეობას. „აგრესორი საბოლოოდ დამარცხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირების მიერ და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით... ამჯერად ჩვენს საერთო გამარჯვებას უნდა მოჰყვეს უსაფრთხოების განახლებული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ომი, ოკუპაცია და აგრესია ნამდვილად აღარ განმეორდება. ამ ახალი უსაფრთხო სამყაროს საფუძველი უკვე ჩამოყალიბებულია“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.