ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელი ლავროვს ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში ადანაშაულებს.
„ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საელჩოსა და თავად ლავროვის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.
იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.