აზერბაიჯანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, სომხეთმა რუსეთს დახმარებისთვის მიმართა

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ განახლებული შეტაკებების ფონზე, სომხეთმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს სომხური ძალების „მასშტაბიანი პროვოკაცია“ სომხეთის მოსაზღვრე კალბაკარსა და ლაჩინის რაიონებში.

უწყების ცნობით, მისი ორი ჯარისკაცი დაშავდა, როდესაც სომხურმა სამხედრო ნაწილებმა საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციის წინააღმდეგ ნაღმტყორცნები და არტილერია გამოიყენეს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა აზერბაიჯანელი ჯარისკაცები საზღვართან მის პოზიციებზე საარტილერიო, ჯავშანტექნიკისა და იარაღის გამოყენებაში.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი 4 ჯარისკაცი დაშავდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც შედიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფს, ჩაერიონ და მიიღონ ზომები, სომხეთის ტერიტორიიდან „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების „მოსაშორებლად“.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიო პასუხი გასცენ აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან უსაფრთხოებას და გადადგან აქტიური ნაბიჯები სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გასული წლის, 44-დღიანი ომი დასრულდა, როდესაც რუსეთის შუამავლობით დადებულმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავმა აზერბაიჯანს მიანიჭა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე, ისევე როგორც მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის კალბაკარისა და ლაჩინის ოლქებზე, რომლებიც ადრე ეთნიკური სომხების ხელში იყო.