ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული

საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის თქმით, „გერმანია და საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.


ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.


ღრმა მწუხარებით ვიღებთ ცნობად, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ ისეთი მოქმედებით - როგორიცაა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება.


საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,“ წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ემანუელ მაკრონის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.
18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.