ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, Helpdesk-ი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

„ახალი პლატფორმა არის ევროკომისიის იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესის დახმარებას ვაჭრობის გაფართოების კუთხით. ის მცირე ბიზნესს, ვაჭრობის ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფს. Helpdesk-ი წარმოადგენს ბაზარზე ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზის დანამატს, რომელიც ევროპულ კომპანიებს ეხმარება სავაჭრო შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში რთული სავაჭრო წესების პრაქტიკული და მათზე მორგებული ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით.

Helpdesk-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk პროექტსა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), როგორც განმახორციელებელი პარტნიორის, თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის helpdesk-ი სამ პრინციპზეა აგებული:

1. შესაძლებლობების გამოვლენა: მომხმარებლების დახმარება რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიული ბაზრებისა და პროდუქტების გამოვლენის მიზნით. ბაზრისა და დარგების მიხედვით რეგიონში და ევროკავშირთან სავაჭრო მაჩვენებლებისა და პოტენციური ვაჭრობის შედარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს გადაწყვეტილებებში დარწმუნება.

2. საბაზრო ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ბაზარზე წვდომის იმ პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ კონკრეტულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასატანად, აგრეთვე მათი დაკავშირება შესაბამის პარტნიორებთან თავიანთ ქვეყანაში ან სამიზნე ბაზარზე.

3. დახმარების ცენტრი: მომხმარებლების მხარდაჭერა პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და შესაძლო კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან დასაკავშირებლად.

ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.