თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე იმსჯელეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ჩვენი შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის როლზე. მთელი კაცობრიობა უნდა უჭერდეს მხარს პალესტინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწიათ და მთელი კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს კანონის და დიპლომატიის ფარგლებში. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია აჩვენებს, სად დგას საერთაშორისო თანამეგობრობა და მეც მიმაჩნია, რომ მხარდამჭერი მექანიზმები აუცილებელია პალესტინის გასამხნევებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საკვანძოა ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, ვისაც არ უღიარებია პალესტინის სახელმწიფოებრიობა, ასე მოიქცეს,“აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
თურქეთი, რომელიც მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის ათწლეულის კონფლიქტის ორ სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას, მკაცრად აკრიტიკებს ისრაელს ღაზის სექტორში წარმოებული თავდასხმების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, რომელსაც ომის დანაშაულში ადანაშაულებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი.
მისი დასავლელი მოკავშირეებისა და ზოგიერთი არაბული ქვეყნისგან განსხვავებით, NATO-ს წევრი თურქეთი „ჰამასს,“ რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს, ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს.
სამ მაისს თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა სრულად შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად ღაზის სექტორში "გაუარესებული ჰუმანიტარული ტრაგედია" სახელდება.
"ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები შეჩერებულია და ის ყველა პროდუქტს ეხება. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ მიიღებს ამ ახალ ზომებს მანამ, სანამ ისრაელის ხელისუფლება საშუალებას მისცემს ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკმარისად და ხელის შეშლის გარეშე მიწოდებას," – ნათქვამია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში. 2023 წელს, თურქეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობამ $6.8 მილიარდი შეადგინა.
თურქეთის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ამბობდა, რომ თურქეთი პორტების ბლოკირებით არღვევს შეთანხმებებს ისრაელის იმპორტისა და ექსპორტისთვის.
„ასე დიქტატორები იქცევიან, თურქეთის მოსახლეობისა და ბიზნესმენების ინტერესების უგულებელყოფითა და საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების იგნორირებით," – წერდა კაცი.
მან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, თურქეთთან ვაჭრობის ალტერნატივებზე იმუშაოს ადგილობრივ წარმოებასა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტზე ფოკუსირებით.