ვენდი შერმანი: მკაფიოდ ვუთხარი სერგეი რიაბკოვს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დეტალები ტელეკონფერენციის ფორმატში განიხილა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები დღევანდელ რიგგარეშე შეხვედრაზე მომზადებული მივიდა, რათა მოესმინა რუსეთის შეშფოთება და თავის მხრივ, აშშ-ის მხარეს გაეზიარებინა თავისი შეშფოთება. შერმანის პოზიციიდან ირკვევა, რომ დიალოგი კვლავ გაგრძელდება და ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. ამასთან, შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია პრინციპულ საკითხებთან მიმართებით - „არავის მივცემთ უფლებას, შეწყვიტოს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის ცენტრალური იყო NATO-სთვის“, - ეს პასუხია რუსეთის „მოლოდინებზე“, NATO არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით.

„ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, ჩვენ დავასრულეთ ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის რიგგარეშე სესია რუსეთის დელეგაციასთან. ჩვენ გვქონდა გულწრფელი და პირდაპირი დისკუსია თითქმის რვა საათის განმავლობაში. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი შეიკრიბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეხვდნენ გასული წლის ივნისში ჟენევაში. ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი გაიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი პუტინი შეხვდნენ გასული წლის ივნისში ჟენევაში.

შეერთებული შტატები დღევანდელ რიგგარეშე შეხვედრაზე მომზადებული მივიდა, რათა მოესმინა რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთება და ასევე გაგვეზიარებინა ჩვენი შეშფოთება.

ჩვენ მოვედით მთელი რიგი იდეებით, რომლითაც ორ ქვეყანა შეძლებდა, გაეუმჯობესებინა სტრატეგიულ სტაბილურობა, რაც შეესაბამება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს შესთავაზა კიდევ ერთხელ შეხვედრა ორმხრივი საკითხების უფრო დეტალურად განსახილველად.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შეწყვიტოს NATO-ს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომელიც ყოველთვის ცენტრალური იყო NATO-სთვის. ჩვენ უარს არ ვიტყვით ორმხრივ თანამშრომლობაზე სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებთან მუშაობა. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე და NATO-ზე NATO-ს გარეშე. როგორც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს - "შენ შესახებ შენ გარეშე არაფერი გადაწყდება“.

შეერთებული შტატები მოწოდებულია რუსეთთან შინაარსიანი ორმხრივი დიალოგისკენ, ისევე როგორც ჩვენ ვართ მოწოდებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებისა და კოორდინაციისკენ. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მალე გავაგრძელოთ დისკუსია იმ ორმხრივ საკითხებზე, რომლებიც დღეს გამოვავლინეთ. ჩვენ გვექნება დისკუსიები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უახლოეს დღეებში და ამ კვირის ბოლოს, ამ დისკუსიებზე ინფორმირებულები, აშშ-ისა და რუსეთის მთავრობები განიხილავენ წინსვლის გზას.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ და პირადად განაცხადეს, რომ მათ სურთ სწრაფი წინსვლა და შეერთებული შტატები მზად არის ამისათვის. ამავდროულად, მოლაპარაკებები რთულ თემებზე, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი, არ შეიძლება, დასრულდეს რამდენიმე დღეში ან თუნდაც კვირაში.

ეს არის ის, რაც ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს რიაბკოვს ძალიან კარგად ესმის. ჩვენ უნდა მივცეთ დიპლომატიას და დიალოგს დრო და სივრცე, რომელიც საჭიროა ასეთ რთულ საკითხებში პროგრესის მისაღწევად.

ჩვენ ამას რიგგარეშე სხდომა ვუწოდეთ, რადგან ის ჩატარდა ორი საექსპერტო სამუშაო ჯგუფის წინასწარი შეხვედრის გარეშე, რომლის შექმნაზეც მხარეები შეთანხმდნენ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე სექტემბერში. მაგრამ ეს იყო ასევე არაჩვეულებრივი სესია იმ კონტექსტის გამო, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით.

რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დააგროვა უკრაინის საზღვრებთან. იმავდროულად, მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ეძებს კონფლიქტს და იქცევა პროვოკაციულად და არა რუსეთი.

სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს. სწორედ რუსეთი აგრძელებს ომს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელმაც თითქმის 14000 უკრაინელი სიცოცხლე შეიწირა. ახლა კი რუსეთის ქმედებები განახლებულ კრიზისს იწვევს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალით შეცვალოს მეორის საზღვრები, ან უკარნახოს სხვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პირობები, ან აუკრძალოს სხვა ქვეყანას საკუთარი ალიანსების არჩევა. ეს არის საერთაშორისო სისტემის ძირითადი პრინციპები და ეს არის პრინციპები, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში არაერთხელ დათანხმდა.

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით მკაფიო პოზიციაზე, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ნამდვილ პროგრესს დიპლომატიის გზით. ჩვენ ასევე გავიმეორეთ, რომ გვჯერა, ნამდვილი პროგრესი შეიძლება მიიღწეს მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში.

თუ რუსეთი დარჩება მაგიდასთან და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის დეესკალაციისთვის, ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს მივაღწევთ. მაგრამ თუ რუსეთი დიპლომატიურ გზას დატოვებს, შეიძლება სრულიად აშკარა გახდეს, რომ ისინი სერიოზულად არც არასოდეს მიჰყვებოდნენ დიპლომატიის გზას.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება მნიშვნელოვანი შედეგები. პრეზიდენტმა ბაიდენმა იგივე უთხრა პრეზიდენტ პუტინს თავის ბოლო სატელეფონო საუბრისას, მე კი ეს მკაფიოდ ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვს. რუსეთს მკაფიო არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

ჩვენ, ყველა დონეზე ვართ კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და გავაგრძელებთ ამას მომავალ დღეებსა და კვირებშიც.

ამ კვირაში რუსეთი მოისმენს თანმიმდევრულ გზავნილს შეერთებული შტატებისგან და ჩვენი მოკავშირეებისგან და პარტნიორებისგან - კერძოდ, რუსეთის ვალია, დაძაბულობის დეესკალაცია, რათა ჩვენ გვქონდეს რეალური დიპლომატიური გადაწყვეტილებების პოვნის შანსი“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.