საფრანგეთის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში შეჭრის 3 სცენარი აქვს

საფრანგეთის დაზვერვა თვლის, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის რამდენიმე სცენარს ავითარებს: მთელი დონბასის დაკავებიდან სამხრეთ უკრაინის ქალაქების ოკუპაციამდე.

ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო Europe1-მა საფრანგეთის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი კვლავ გეგმავს უკრაინაში შეჭრას.

Europe1-ის ცნობით, პუტინი უკრაინის მომავალ ბედს შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან მოლაპარაკების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტს.

პირველი სცენარი უკრაინაში პირდაპირი შეჭრაა. რუსეთმა უკვე დააგროვა 100-დან 150 ათასამდე ჯარისკაცი და უამრავი სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვარზე. ამ სცენარის მიხედვით, მსხვერპლი ორივე მხრიდან დიდი იქნება.

Europe1-ის წყარო იტყობინება, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეიმუშავა საგანგებო გეგმა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

მეორე სცენარი დონბასის ანექსიას გულისხმობს. ფრანგი გენერლები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მოვლენების ასეთი მიმდინარეობა იყო ყველაზე სავარაუდო. ის რუსეთისთვის შესაფერისია, რადგან მას შეუძლია რეგიონში ინციდენტის პროვოცირება, რათა შემდეგ ჯარები განათავსოს დონბასში მცხოვრები რუსების „დასაცავად“.

ამასთან, ფრანგები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს გენერალ ვალერი გერასიმოვის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან შესთავაზა ყოვლისმომცველი ომის გაჩაღება ეკონომიკურ, საინფორმაციო და სამხედრო ფრონტებზე.

შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს.

ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.