რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! გაოცებული ვარ აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულია აშშ-ის ელჩის გამოქომაგებით კეზერაშვილის მიმართ.

„„ქოლცენტრების“ საკითხი გვერდზე რომ გადავდოთ, კეზერაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლის განაჩენი. ქართულ ჯარს მან დადასტურებულად ხუთი მილიონი ევრო მოჰპარა, ეს იცის ყველამ და მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმაც. რა დამატებით გამოძიებაზეა საუბარი?! დღეს კეზერაშვილი სასჯელს უნდა იხდიდეს ქართულ ციხეში. იმის გამო, რომ მას მფარველობენ, თავისუფალია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება. ფაქტია, რომ მას აქვს გარკვეული მფარველობა და ამ მფარველობით ის აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და არეულობას.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა ერთი ცუდი საქმე ქართველ ხალხს უკვე გაუკეთეს, თავისთან ინახავდნენ სააკაშვილს, არ გადასცეს ქართულ მართლმსაჯულებას და დაუშვეს ის, რომ საქართველო მიიყვანეს დაპირისპირების ზღვრამდე, როდესაც სააკაშვილს მიეცა იმის მოტივაცია, რომ საქართველოში შემოიპარა, რათა აქ არეულობა მოეწყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზმი, რა იქნებოდა დღეს საქართველოს ქუჩებში, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გაისვრიდა, ეს საკითხავი იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.