სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა.


„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი," - განაცხადა პატელმა.


მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი.


„ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება," - აღნიშნა სპიკერმა.

ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.


უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

„ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა NATO. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს," - აღნიშნა პატელმა.


შესაძლო სანქციების შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ განაცხადა, რომ როგორც ყოველთვის, ის ახლაც არ ისაუბრებს წინასწარ იმ ზომების შესახებ, რომელსაც შესაძლოა დეპარტამენტმა მიმართოს.


თუმცა, შესაძლო შეზღუდვების შესახებ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა. მისი თქმით, თუკი მიღებული კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს.


„თუკი ეს კანონი არ შეიცვლება ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას აქ და ძალადობა იქნება მშვიდობიან მომიტინგეებზე, მაშინ აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათზე, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე მათ ოჯახებზე. მე ამას ვამბობ არა იმისთვის, რომ ეს მინდა მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედი გვაქვს ეს გზა დაიწყება დღეს და გაგრძელდება," - განაცხადა ო'ბრაიენმა.


პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით დღეს, 14 მაისს მიიღო.

პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.


საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“

თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელიც მედიასთან კომენტარს დღეს საღამოს გააკეთებს. საქართველოში ასევე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები. პარლამენტმა სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე, 17 აპრილს მიიღო. მეორე მოსმენა კი, პირველ მაისს გაიმართა.

  • რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.