თეგი: "ბაირაქტარი"
უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო
თურქულმა კომპანია Baykar-მა Bayraktar თვითმფრინავების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა უკრაინაში უკვე დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ 10 ივლისს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა. „გადავედით რეალურ ნაბიჯებზე“, - განაცხადა მინისტრმა. „ბაიკარმა“ უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების წარმოების ლიცენზია 22 ივნისს მიიღო. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰალუკ ბაირაქტარის თქმით, თვითმფრინავების წარმოება 2025 წელს დაიწყება და პროექტში მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით 95 მილიონი დოლარი იქნება. კიევმა და ანკარამ ბაიკარის ქარხნის გახსნაზე შეთანხმებას, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე მოაწერეს ხელი. უკრაინის პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება 2022 წლის 13 დეკემბერს მოახდინა. თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული დრონები აღჭურვილი იქნება უკრაინული წარმოების ძრავებით, ასევე დაწესებულებაში იქნება უკრაინელი პილოტების სასწავლო ცენტრი. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. გასული წლის ოქტომბერში გახდა ოფიციალურად ცნობილი, რომ თურქული კომპანია "ბაირაქტარი", უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში აპირებდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია „ბაირაქტარი“ უკრაინაში საწარმოს გახსნის. „თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თურქული კომპანია "ბაირაქტარი", რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ჰალუქ ბაირაქტარმა 2022 წლის ოქტომბერში.