სპორტი
ბიზნესმენმა და საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა სპორტული ჟურნალისტი, ლელოს რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე დააჯილდოვა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაზეთ „ლელოს“ რედაქტორს, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო გადასცა. ასევე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი. ამასთან, ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება მიენიჭა. გალა-დაჯილდოებაზე ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
პრემიერი: წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ისტორიული წარმატებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა „ქართული სპორტის ისტორიულ შედეგებზე.“ მან ყურადღება მათ შორის გაამახვილა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მსოფლიო თასის სუპერფინალში, პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. „შარშან, ქართველმა სპორსტმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით არის სერიოზული გაუმჯობესება - 450 საერთაშორისო მედლით მეტი. მადლობა თითოეულ სპორტსმენს ამ უდიდესი წარმატებისთვის. კალათბურთელებს ჰქონდათ ისტორიული შედეგი ევრობასკეტზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ და წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ასევე ისტორიული წარმატებაა. ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი კვირის წინ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე, შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენს დედაქალაქში ჩატარდა ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან მალე დაიწყება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „შეუდარებელმა ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელების მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში. ტურნირის განმავლობაში მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ის მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალე თამაშით გამოირჩეოდა. გადამწყვეტი ფიგურა იყო „არსენალის“ წინააღმდეგ მოგებულ ფინალშიც, სადაც კრისტიან მოსკერამ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი უსმან დემბელემ ზუსტად შეასრულა და ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. შეიძლება, ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ 5:4 მოგებულ დაუვიწყარ პირველ ნახევარფინალურ მატჩში ვიხილეთ, როცა ჯერ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა (1:1), მეორე ტაიმში კი უძლიერესი გასროლით შესანიშნავ სტილში დუბლი გაიფორმა,“ – წერს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში, 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან მოედანზე 1141 წუთი გაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
დიმიტრი აბდუშელიშვილმა საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის განვითარების სტრატეგია წარადგინა
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, ფედერაციის სამომავლო გეგმებსა და განვითარების სტრატეგიაზე პრეზენტაცია გამართა. ფედერაციის პრეზიდენტმა სტუმრებს ფედერაციის სამომავლო გეგმები გააცნო, რომელთა მიზანიც საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარება და პოპულარიზაციაა. დიმიტრი აბდუშელიშვილმა ასევე წარადგინა მსოფლიოში ცნობილი, ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელები და კონსულტანტები, რომლებიც ფედერაციასთან და ყველა ნაკრებ გუნდებთან ითანამშრომლებენ. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა ყველა იმ ძირეულ ცვლილებას, რომელიც საწყლოსნო ფედერაციაში უკვე განხორციელდა, ან სამომავლოდ იგეგმება მათი განხორციელება. კერძოდ: ახალი საწვრთნელი ბაზის შექმნა, მწვრთნელთა გადამზადების ცენტრის ამოქმედება, მეკარეების სასწავლო ცენტრის განვითარება და სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესება. ხსენებულ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, რომელმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა ფედერაციასა და სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა საწყლოსნო სპორტის განვითარების მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის და მათ წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო სილვამ დადებითად შეაფასა ფედერაციის საქმიანობა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო საქმიანობაში.
20-წლამდელთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ. განცხადება კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. „ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველომ და სომხეთმა ფიფას 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს. FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონია
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები Danube Cup 2026-ის ჩემპიონი გახდა. მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობა მიიღო და ჩემპიონობაც იზეიმა. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე სლოვაკეთის, ავსტრალიისა და კანადის ნაკრებები დაამარცხეს. Danube Cup 2026-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა.
სიტყვიდან საქმემდე — საწყლოსნო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის უპრეცედენტო პროექტი — საქართველოში დაარსდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი წყალბურთში
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში უპრეცედენტო პროექტი დაიწყება. დაფუძნდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ლიგა წყალბურთში, რომელიც მთლიანად შავი ზღვის აუზის და რეგიონის ქვეყნებს გააერთიანებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ „აპოლოს” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შესახებ იმსჯელეს. შალვა გოგოლაძემ ხელმძღვანელობას მხარდაჭერა აღუთქვა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე, წყალბურთის სხვადასხვა კლუბიდან, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს სპეციალურად ეწვივნენ. ლიგაში შავიზღვისპირა ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა), ასევე, ლიეტუვის, ხორვატიისა და ყაზახეთის წამყვანი წყალბურთის კლუბები გაერთიანდებიან. შავი ზღვის ლიგის გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს. ცნობისთვის, სექტემბერში საქართველო და კონკრეტულად ბათუმის ახალი ოლიმპიური აუზი, შავი ზღვის თასის გათამაშების ტურნირის პირველი მასპინძელი იქნება, რომელშიც საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ხორვატიის, ლიეტუვისა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოში, ლეგენდარული უმბერტო პანერაი იმყოფება - წყალბურთის მეკარეების სპეციალიზებული ცენტრი იხსნება
წყალბურთის განვითარების მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი იწყება. საქართველოში, რეგიონში, მეკარეების სპეციალიზებული მომზადების პირველი ცენტრი გაიხსნება. ინიციატივა საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას და მის ახალ პრეზიდენტს დიმიტრი აბდუშელიშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, საწყლოსნო მიმართულებები მაღალი სტანდარტების შესაბამისად განავითაროს. პროექტის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა წყალბურთის ლეგენდარული იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, კარიერის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მეკარე უმბერტო პანერაი. ის იტალიის ეროვნული ნაკრების კარს მრავალი წლის განმავლობაში იცავდა. დღეს სპორტულ კომპლექს ,,ოლიმპიკში'' პირველი ვარჯიში გაიმართა, რომლის დროსაც, პანერაი ქართველ მეკარეებს პირადად ავარჯიშებდა. ვარჯიშისას, ტექნიკას, პოზიციონირებას, რეაქციას, თამაშის ტაქტიკასა და მანევრირებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, უშუალოდ ლეგენდარული მეკარისგან მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და განავითარონ საკუთარი უნარები. ახალი ცენტრი მეკარეებს შესთავაზებს სრულად სპეციფიკურ პროგრამას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წყალბურთის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უმბერტო პანერაი წყალბურთში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. ის არის სამი ოლიმპიური თამაშის მონაწილე და მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ახალგაზრდა მეკარეების განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება, რაც საქართველოს ნაკრების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია.
დიმიტრი აბდუშელიშვილმა ფრანგ სპეციალისტთან გააფორმა შეთანხმება "ცურვის ეროვნული ცენტრისა" და სხვა მასშტაბური პროექტების შესახებ
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოში ცურვის განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ შეთანხმებას ფრანგ სპეციალისტ ოლივიე სანგარიასთან. შეთანხმება ცურვის განვითარების სტრატეგიის შესახებ, მოიცავს მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის, "ცურვის ეროვნული ცენტრის“ დაარსებას, რომელიც ფედერაციასთან იმოქმედებს. ოლივიე სანგარია ცურვის მიმართულებით ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტი და არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელია. ის ასევე ცნობილია თავისი უნიკალური პროგრამებით მოცურავეებისთვის, რომლებიც ემსახურება ცურვის ტექნიკის დახვეწას, მწვრთნელთა გადამზადებასა და სპორტულ განვითარებას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ფედერაციის გამგეობის წევრები.
ალმათიში, საერთაშორისო ტურნირში - ,,ლეგენდების თასი 2026'' ქართველი ვეტერანი წყალბურთელები მიიღებენ მონაწილეობას
საერთაშორისო ტურნირში - „ლეგენდების თასი“, რომელიც 2026 წლის 19-22 ივნისს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გაიმართება, საქართველოს წყალბურთის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზისა და სპორტული კლუბის „იმერი 2023“-ის დირექტორი მიხეილ გიორგაძე და ვეტერანი წყალბურთელების გუნდი ყაზახეთში გაემგზავრებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ,,ლეგენდების თასის'' ტურნირში. როგორც მიხეილ გიორგაძემ Europetime-თან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ ლეგენდარული გუნდი თავის საიუბილეო თარიღზე გვიწვევს და ყველა საორგანიზაციო საკითხს თავის თავზე იღებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული წყალბურთის დიდ ისტორიასა და ტრადიციებზე. „საქართველოში, ქუთაისში 2025 წელს ჩატარდა ვეტერანების ტურნირი წყალბურთში - მასში ყაზახეთი, იტალია და საქართველო მონაწილეობდნენ. ასეთი შეჯიბრები მომავალშიც იგეგმება, რაც მისასალმებელია. ისიც ნიშანდობლივია, რომ საქართველო და ყაზახეთი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, სპორტში თანამშრომლობის გზით, წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს - ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და სპორტული კავშირების განვითარების ერთ-ერთი მაგალითია ყაზახეთის წყალბურთის გუნდის — „დინამო ალმა-ატა მასტერსის“ მიერ ლეგენდების თასზე მიწვევაც.“ მიხეილ გიორგაძის თქმით, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისა და ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი აბდუშელიშვილის ერთ-ერთი პრიორიტეტია ფედერაციაში შემავალი ყველა სახეობის თანაბრად ინტერნაციონალიზაცია, შეჯიბრება, ოლიმპიადებში მონაწილეობა, რეფორმების კვალდაკვალ ამ მიმართულებით უამრავი სიახლეა დაგეგმილი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
,European Aquatics''-ის პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
,European Aquatics-ის" პრეზიდენტი ანტონიო სილვა დიმიტრი აბდუშელიშვილს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ბატონ აბუშელიშვილს, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციაში ჩვენს კოლეგებს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ანტონიო სილვას სახელით, გვსურს, გულითადად მოგილოცოთ თქვენი არჩევა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თქვენი დანიშვნა მნიშვნელოვანია ქართული საწყლოსნო სპორტის სახეობათათვის და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ფედერაცია გააგრძელებს განვითარებას და გაამყარებს თავის პოზიციას ევროპის დონეზე, სპორტულ საზოგადოებაში. ასევე გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, მისი მანდატის განმავლობაში გამოჩენილი კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ერთგულებისთვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტსა და ევროპის საწყლოსნო ფედერაციას შორის თანამშრომლობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მოხარულები ვართ, რომ ამ პოზიტიურ საფუძვლებზე გაგრძელდება თქვენთან თანამშრომლობა. ევროპის საწყლოსნო ფედერაცია სრულ მზადყოფნაშია, მხარი დაუჭიროს საქართველოს საწყლოსნო სპორტს ყველა დისციპლინაში და მოუთმენლად ელოდება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ წლებში," წერია წერილში. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - დიმიტრი აბდუშელიშვილი
დიმიტრი აბდუშელიშვილი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ახალი პრეზიდენტია. ცნობისთვის, დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში; იყო წყალბურთის 1973-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამოცდილი და სტაჟიანი მოთამაშე, თავდამსხმელის პოზიციაზე. თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. 1990 წლების ბოლოდან მისი კარიერა უცხოეთში განვითარდა. დიმიტრი აბდუშელიშვილი მენცენატი, ბიზნესმენი და ვეტერანი წყალბურთელია - მან სულ ცოტა ხნის წინ შექმნა წყალბურთის ახალი გუნდი "აპოლო", რომელიც პირველივე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. ცენტრალურ აზიაში ჩამოაყალიბა თავისი კომპანია და დღემდე კერძო სექტორში საქმიანობს. მისი ბიზნესაქმიანობის არეალი მოიცავს ლოგისტიკურ სფეროს და აერთიანებს ისეთ დიდ, მასშტაბურ პროექტებს როგორიცაა, შუა კორიდორი, სატრანზიტო ჰაბი. იყო ერთ- ერთი ინვესტორი და ანაკლიის აშენების გულმხურვალე მხარდამჭერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საფუძველი ჩაუყარა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვანძო ჰაბად იქცა შუა კორიდორის მიმართულებით. არის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერი ბევრი ეროვნული მნოშვნელობის პროექტის. როგორიცაა, ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემა, საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანის, გუჯი ამაშუმელის მონაწილეობით. ამ გამოცემის ორიგინალი ვერსია დაცულია გაეროს სათაო შტაბ-ბინაში. ასევე არის სხვადასხვა უამრავი პატრიოტული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების ხელშემწყობი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ. ქართველმა წლალბურთელებმა მეტოქე 22:11 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.
წყალბურთის გუნდმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფის მესამე მატჩი გერმანული „შპანდაუ“ ანგარიშით 16:11 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონმა გერმანელებს ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო. საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს. ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი ,,European Aquatics-ის“ პრეზიდენტმა ანტონიო დე სილვამ დააჯილდოვა
დღეს ოფიციალურად გაიხსნა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის საანგარიშო ყრილობა — „კონგრესი 2025“, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს. კონგრესს მრავალი ქვეყნიდან ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ვეტერანი წყალბურთელები. ბოლო პერიოდში, საქართველოს მიღწევები საწყლოსნო სპორტში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამ მიმართულებით, ჯანსაღი კონკურენციაც გაჩნდა და სწორედ ამ დღეებში პრეზენტაცია შედგა ახალი გუნდის ,,აპოლოსი“, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონია და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. სწორედ ამიტომაც, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა, ანტონიო სილვამ, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელ და დამფუძნებელ, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. კონგრესი საქართველოს სასწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში, 26-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონის კონგრესს 42 ქვეყნის 140-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. კონგრესის ფარგლებში შეჯამდა 2025 წლის მიღწევები საწყლოსნო სპორტში. წყალბურთის კლუბი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება
წყალბურთის გუნდი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება
წყალბურთის გუნდი „აპოლო“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რითაც „აპოლომ“ მოპოვებულ ტიტულთან ერთად, ევროტურნირებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. "აპოლო" ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს - 3, 4 და 5 ოქტომბერს, ათენში ჩაატარებს. ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, გუნდი წრიული სისტემით ითამაშებს. ცნობისთვის, გუნდის სრული რებრენდინგის შემდეგ, შეიცვალა - ლოგო, სახელი - გუნდი „სპორტ მენეჯმენტის” ნაცვლად, „აპოლოს“ სახელით ითამაშებს. კლუბის გრანდიოზილი პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი წყალბურთელები, ლეგენდები: უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ატილა შუდარი; იუგოსლავია, ბოსკო ლოზიცა - 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი; გეორგი ჰორკაი - უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი, 1980 ბრინჯაო; მილივოი ბებიჩი - ხორვატია, 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, 1984 წელს ოქრო; სერგეი კოტენკო - ყაზახეთი, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრებში), 1988 წელს ბრინჯაო; გიორგი მშვენიერაძე - საქართველო, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრები), 1988 წელს ბრინჯაო. პრეზენტაციას ასევე ასევე ესწრებოდა ანტონიო სილვა — ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელს, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. სპეციალისტების შეფასებით, „აპოლოს“ წარმატება სწორი მმართველობის და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
რიგაში, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში, ისტორიაში პირველად ითამაშებს. ანგარიში 80:70 დასრულდა.
ისტორიული გამარჯვება პორტუგალიასთან- საქართველოს ნაკრები "ევრო 2024-ის" მერვედფინალში გავიდა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს, 30 ივნისს დაუპირისპირდება.
გიორგი ქოჩორაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეორე შეხვედრას გამართავს. ჩეხეთთან მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება. თურქეთთან ორიენტირებული საკუთარ თამაშზე ვიყავით და არა მეტოქეზე, ახლაც ასეა. მეტოქეებს ვაკვირდებით, ანალიზს ვაკეთებთ. ბევრი რამ ვიცით ჩეხეთზე, მათი პლუს-მინუსები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. საქართველოს ნაკრების პრობლემა არა მეტოქე, არამედ დისციპლინირებულად მოქმედებაა. თუ ამას ვაკეთებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა. „შესაძლოა, შემადგენლობაში ცვლილებები იყოს, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ახალი ენერგია ხანდახან საჭიროა. ევროპის ჩემპიონატი განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რათა მომავალში უკეთესები გავხდეთ. ამიტომ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობა კარგი არაა. მხოლოდ შედეგზე არ ვართ ორიენტირებულნი. მნიშვნელოვანია, გააანალიზო შენი თამაში, ნახო, რა გამოგდის და რა – არა. ცხადია, გულდასაწყვეტი იყო, როდესაც თურქეთთან წავაგეთ, მაგრამ აქედანაც ვისწავლეთ, ნაბიჯი წინ გადავდგით. მამარდაშვილს ჰქონდა უფლება, მეტოქის საჯარიმოში ჩასულიყო, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რა თქმა უნდა, ეს იყო რისკი, მაგრამ შეიძლებოდა, გოლი გაგვეტანა. ფეხბურთში მთავარი ბალანსია, თუ კარგად შეტევა გინდა, თავიც უნდა დაიცვა,“ – განაცხადა სანიოლმა. ჩეხეთთან ევრო 2024-ის მეორე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმაც. „ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყოფნა ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ყველა გუნდი ჩვენ წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც შევეცდებით, როგორც ყოველთვის, თავი დავიცვათ და ვიბრძოლოთ. ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ეს სპორტი და ასეთ დონეზე თამაშის შანსი გვაქვს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა. ვფიქრობ, ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, შეხვედრაზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს. რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა, ყოველდღიური ვარჯიშით მოვედით. მოედანზე ისე არ უნდა გავიდე, როგორც ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნო. როდესაც საქმიდან სიამოვნებას იღებ, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოგდის. ჩემი დანიშნულებაც ესაა, ვისიამოვნო და თანაგუნდელებს დავეხმარო. მწვრთნელს ვეთანხმები, მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია. შორიდან დარტყმები ჩვენც გამოგვდის. მაგალითად, მე ყოველდღე ვმუშაობ, რომ ეს კომპონენტი დავხვეწო. თუ შორიდან დარტყმის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ჩემი მეტოქის თამაშის ყურება, მაქსიმუმ, 5-10 წუთით დავაკვირდე და გავიგო, რას წარმოადგენს,“ – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. პარიზში, ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან, ანგარიშით - 36:10 მოიპოვეს. ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა. ამჯერად, ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. სულ კი, ამ ტურნირის ჩემპიონები მეთექვსმეტედ გახდნენ.