მთავარი

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი ისტორიული შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ჩინეთში, ქალაქ შენჭენში შედგება. ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს. „ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ირანში ომის საკითხსაც წამოჭრის, თუმცა უკრაინაში ომის საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის. რა შედეგით დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამდღიანი მოლაპარაკებები  

რა შედეგით დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამდღიანი მოლაპარაკებები

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს დილით მოსკოვში ჩავიდნენ. მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კუშნერი და უიტკოფი კრემლში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.  „გვსურს, რომ მშვიდობა მარადიული იყოს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის სიმტკიცესა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მშვიდობა მარადიული იყოს,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, იცის, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მხარეებს განსხვავებული ხედვები აქვთ. „ვიცით, რომ უკრაინული მხარე განსახილველად დღის წესრიგში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. ეს ყოველთვის განხეთქილების ვაშლი იქნება. ჩვენთვის ერთადერთი გამყოფი ხაზი სახელმწიფო საზღვარია. რადგან მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება: აქ ჩვენ ვართ, იქ კი თქვენ,“ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინის თქმით, სხვა შემთხვევაში, ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხი მხარეებს შორის უთანხმოების მუდმივ მიზეზად დარჩება. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსება. მისივე თქმით, უკრაინაში დისლოცირებული უცხოური სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლება. თავის მხრივ, სტივ უიტკოფმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპელები ფიზიკურად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდნენ. „მართალია, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ ისხდნენ, მაგრამ „ჩვენ მათ ვესაუბრებოდით და კონსულტაციებს გავდიოდით.“ „ჩვენ მათთან ვკონტაქტობდით და ვაწვდიდით ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, რასაც განვიხილავდით. ვფიქრობ, ზოგადად, ჩვენს შორის ძალიან, ძალიან კარგი კოორდინაცია იყო.“ „ევროპელების მხრიდან მნიშვნელოვანი ცვლილება დავინახეთ; ვფიქრობთ, არსებობს ძალიან ძლიერი იმპულსი და სურვილი, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ მრავალმხრივ ფორმატზე გადასვლა ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარების პროცესში წინსვლას; გვჯერა, რომ ეს ომის დასრულებაშიც დაგვეხმარება,“ - განაცხადა ამასთან, ჯარედ კუშნერმა. განახლება: შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა. სტივ უიტკოფის განცხადებით, შემდეგ რაუნდში ევროპელებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოსკოვიდან უიტკოფი და კუშნერი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც დაგეგმილია მათი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. „თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა. „ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას,” - განაცხადა ზელენსკიმ. უფრო ადრე, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის შეწყვეტისთვის დონბასიდან გასვლაზე დათანხმდება, ვინაიდან ეს საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. “ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება,” - განაცხადა ზელენსკიმ 11 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 11 ნოემბერს, აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციებმა აბუ-დაბიში დაასრულეს ორსაათიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2026 წლის თებერვლის შემდეგ პირველი იყო.  პირველ დღეს, 10 ნოემბერს შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციამ მოლაპარაკება გააგრძელა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებსაც აბუ-დაბიში 10 ნოემბერსაც შეხვდნენ. ისევ მოსთხოვა თუ არა რუსეთმა უკრაინას დონბასიდან გასვლა აბუ-დაბიში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების ამ შეკითხვას. ბუდანოვის თქმით, მოლაპარაკებების დროს დასმული საკითხები მოლაპარაკებების თემაა, მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგია და როცა შედეგი მიღწეული იქნება, ეს საჯაროდ გამოცხადდება. კიევის დელეგაციის წევრმა, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა, რომ არის „კარგი იმპულსი“ გადაწყვეტილებების მოსაძებნად ახალი წლის დადგომამდე. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა მთავარ შედეგად დაასახელა შეთანხმება „ტყვეთა დიდი გაცვლის“ შესახებ. უმეროვის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა დეტალების შესათანხმებლად და პრაქტიკული რეალიზაციისთვის. უმეროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამმხრივი ფორმატით განიხილეს მშვიდობის მიღწევისა და ომის შემდგომი აღდგენის საკითხები და ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უნდა იყოს ომის შეწყვეტა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. კიევის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ორი დღის განმავლობაში მხარეებმა წარმოადგინეს პოზიციები საკითხებზე, რომლებზეც არსებითი უთანხმოებებია, წინ დიდი და რთული სამუშაოა და არსებობს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა. ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ ცენტრალური თემა იყო უსაფრთხოების ევროპული სისტემა: „გავცვალეთ პოზიციები. სადღაც ვიპოვეთ ურთიერთგაგება, სადღაც - არა. ეს საუბარი გაგრძელდება. მსოფლიოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე, განახლებული სისტემა, რომელიც არ დააზარალებს ცალკეულ ქვეყნებს. ამაზე ვიმუშავებთ.“ მედინსკიმ მოლაპარაკებების დეტლები არ დააკონკრეტა იმ მოტივით, რომ ვიდრე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, დეტალები არასდროს განიხილება. პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ტყვეთა „მასშტაბურ გაცვლაზე", რომლის პარამეტრები უახლოეს ხანში გამოცხადდება. 11 ნოემბერს, სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო და განიხილეს რთული თემებიც. მან ყველაზე რთულ საკითხად დაასახელა ტერიტორიები. სტივენ უიტკოფის ინფორმაციით, აბუ-დაბიში ძალიან პროდუქტიული დისკუსიები ჰქონდათ ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთანაც. ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს სურთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის ნება დართოს. ასევე, წყაროს თქმით, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „დაძაბული და ემოციური იყო.“ Axios-ის ცნობით,  შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს არ უპასუხა. წყაროების ცნობით, პუტინი წერილში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავის შეშფოთებებზე საუბრობდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა. კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს შესთავაზეს, რომ ახალი წინადადება მოამზადონ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს მოიცავს, ასევე, მოიცავს დეესკალაციისთვის ნაბიჯებს, რომლის გადადგმისთვისაც კრემლი მზად არის, რათა ევროპა დაარწმუნოს, რომ მომავალში თავს არ დაესხმება.~ გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე გარიგებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება. ასევე, წყაროს თქმით, აშშ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას რუსეთს ვეტოს უფლებას არ მისცემს. „რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ამერიკულმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ჩამოიტანა“ - სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ზელენსკის დუბლინში შეხვდნენ  

კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა

გასულ კვირას კრიპტოვალუტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა მოხდა. კრიპტობირჟა Binance-იდან 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს. თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილნი. მილიარდობით დოლარი 20 წუთში გაქრა. ამერიკული ბლოკჩეინ-ანალიტიკური კომპანიების, TRM Labs-ისა და Chainalysis-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა გამოიყენეს სქემა, რომელიც ძალიან ჰგავს გასულ წელს კრიპტო-ბირჟა Bybit-ზე განხორციელებულ თავდასხმას. დამნაშავეებმა ბირჟის საფულეებიდან თანხები ჰაკერების კონტროლირებად მისამართებზე გადარიცხეს. ჩრდილოეთ კორეა (ფხენიანი) ოფიციალურად უარყოფს ბრალდებებს და აშშ-ის განცხადებებს „აბსურდულ რიტორიკას“ უწოდებს. დასავლური სპეცსამსახურები და გაეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციების ფონზე, კრიპტოვალუტის ქურდობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის ეკონომიკის გადარჩენისა და ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა.  

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში

4 ნოემბერს, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა, ევროკავშირის გაფართოების პაკეტი წარადგინა, რომელიც საქართველოს შესახებ ანგარიშსაც მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და, პირიქით, უკან დაიხია. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლების ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს.  ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025–2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ანგარიშში მმართველობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ უკანასკნელმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა კიდევ უფრო ცენტრალიზებული გახდა გადაწყვეტილების მიღებისა და მარეგულირებელი ფუნქციები სამთავრობო ადმინისტრაციის საკვანძო სფეროებში, მათ შორის, საჯარო მმართველობაში, სასამართლო სისტემასა და უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი და სწორედ აღნიშნული ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს. “2025 წლის დეკემბერის ვიზების შეჩერების მექანიზმის (VSM) მე-8 ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველომ თითქმის არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა, რომლებიც მე-7 ანგარიშში იყო გაცემული. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან კიდევ უფრო უკან დაიწია, კონკრეტულად კი მმართველობისა და კანონის უზენაესობის კრიტიკულად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მიცემის საფუძველს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის მარტიდან სარგებლობენ შენგენის სივრცეში უვიზო მოგზაურობით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება 2011 წლიდანაა ძალაში. ვიზალიბერალიზაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, ევროკომისია რეგულარულად აფასებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების იმპლემენტაციაში, რომლებიც სავიზო საგზაო რუკის ფარგლებშია წარმოდგენილი. ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მე-7 და მე-8 ანგარიშებში, რომლებიც 2024 დეკემბერში და 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ევროკომისიამ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედოს მისი რეკომენდაციების შესასრულებლად, კერძოდ იმის, რაც ეხება ფუნდამენტურ უფლებებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. 2025 წლის ივლისში ფორმალური მოკვლევის შემდეგ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები და, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლებიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს. იმის ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი. ამ ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ფაქტობრივად აუქმებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში მათ უვიზო მიმოსვლას. საქართველოსთან გაფართოებულ დიალოგს ადგილი ჰქონდა 2026 წლის ივნისში, შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორების მიზნით. გაფართოებულმა დიალოგმა არ მოიტანა პროგრესი ევროკომისიის იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა,” - ნათქვამია ანგარიშში. სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობასთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაშინების ტაქტიკების ერთობლივმა გავლენამ შეასუსტა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქცია, რითაც საფრთხე შეექმნა მის დამოუკიდებლობას, მდგრადობასა და საქართველოში დემოკრატიის უფრო ფართო საფუძვლებს. დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დემოკრატიული მაკონტროლებლის როლი კომპრომეტირებულია და ორგანიზაციები და უფლებადამცველები მზარდი საფრთხის წინაშე დგანან. ამასთანავე, ანგარიშში წერია, რომ შეშფოთებას იწვევს ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, მათ შორის ისეთი ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი გამოძიებების წარმოება, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება.“ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია - დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება. ხსენებულ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზაობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ევროკავშირთან ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის.“ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.  

„კასპიის ხიდი“ — ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სატვირთო ტერმინალსა და საბორნე სისტემას შექმნიან

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი ინტერმოდალური სატვირთო ტერმინალისა და ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის, სახელწოდებით „კასპიის ხიდის“ (Caspian Bridge), შექმნას გეგმავენ. კერძოდ, გაფორმდა ეთანხმება, რომელიც „სამრუკ-ყაზინასა“ და AZCON-ის ჰოლდინგს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს — შეთანხმების მიზანი ახალი ტრანსკასპიური საბორნე სისტემის — „კასპიის ხიდის“ შექმნაა. პროექტის მიზანი საკონტეინერო და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვის განვითარებაა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR).  ამასთან, ყაზახური ფონდისა და სახელმწიფო საინვესტიციო ჰოლდინგ „სამრუკ-ყაზინას“ (Samruk-Kazyna) ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება „ყაზახეთის რკინიგზას“ (Kazakhstan Temir Zholy - KTZ) და სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზას“ (Azerbaijan Railways) შორის შეთანხმების ძირითად პირობებს (Term Sheet) ხელი მოეწერა. 15 ოქტომბერს, ბაქოში ყაზახეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტების გაცვლის ცერემონია გაიმართა, რაც „ყაზახეთის რკინიგზის“ (KTZ) შვილობილი კომპანიისთვის — KTZ Express Shipping LLP-ისთვის — ორი მრავალფუნქციური მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემის მშენებლობის პროექტს მიეძღვნა. გემები ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში (Baku Shipyard) აშენდება. მოსალოდნელია, რომ ახალი გემები ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) იმოძრავებენ. კასპიის ზღვაზე ახალი, უფრო მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდები 2027 წლიდან იმოძრავებენ  

ისტორიაში პირველად, რომის პაპმა აშშ-ის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

რომის პაპმა ლეონ XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გახდა პირველი პაპი, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში ხმა მისცა. ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩიკაგოში დაბადებულმა პონტიფიკოსმა 2026 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა. ვატიკანის განცხადებით, ლეონ XIV „ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის რანგში, ყოველთვის, როცა ამის უფლება ჰქონდა, სარგებლობდა ხმის მიცემის უფლებით“; მათ შორის პერუშიც, სადაც ის წლების განმავლობაში, როგორც მისიონერი მოღვაწეობდა. „წმინდა მამას სწამს, რომ მოქალაქეების უფლება და მოვალეობაა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში,“ — ნათქვამია განცხადებაში. 500 წლის შემდეგ პირველად, რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ ერთად ილოცეს  

რას გულისხმობს ევროკავშირისა და კანადის მიერ ჩამოყალიბებული ახალი ინიციატივა — „ალიანსი მომავლისთვის“

კანადა და ევროკავშირი „ალიანსი მომავლისთვის“ ჩამოყალიბებისთვის შექმნის შესახებ აცხადებენ. ინიციატივა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომობის, შესაძლებლობებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 2027 წლის ივნისი განსაზღვრა საბოლოო ვადად იმისთვის, რომ კანადა ევროკავშირის პირველი „ასოცირებული წევრი“ გახდეს. „კანადა და ევროკავშირი მიზნად ისახავენ, 2027 წლის ივნისისთვის დაასრულონ მოლაპარაკებები ბლოკში კანადის შესაძლო „ასოცირებული წევრობის“ თაობაზე,“ — განაცხადა 30 ოქტომბერს კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მონრეალში გამართული ორმხრივი სამიტის შემდეგ. სამიტის წინ, გერმანიამ ერთობლივი დეკლარაციის შესახებ მოლაპარაკებების დროს წინააღმდეგობა გაუწია ტერმინ „ასოცირებული წევრის“ გამოყენებას. საბოლოო ტექსტში მოხსენიებულია „უფრო მჭიდრო ასოცირება.“ „ასოცირებული წევრის კონცეფცია ჯერ კიდევ აუთვისებელი სფეროა, თუმცა ჩვენ გვაქვს ამბიცია, ნდობა და შემოქმედებითი მიდგომა, რათა ერთად ჩამოვაყალიბოთ ის. სრულიად გარკვევით რომ ვთქვათ: ეს არის პარტნიორობა, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის ჩვენი საერთო სიძლიერისთვის. ეს პარტნიორობის უმაღლესი ფორმაა,“ -  აღნიშნა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა. კანადა შეუერთდება ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას და მასში თავდაპირველად 500 მილიონი ევროთი მიიღებს მონაწილეობას.  ასევე დაიწყო მუშაობა კანადის ჩართვაზე ევროკავშირის ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა პროგრამა Erasmus-ი და სატელიტური პროგრამა Galileo, რომელიც ამერიკული გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ალტერნატივას წარმოადგენს. ცნობისთვის, ევროკავშირი-კანადის 21-ე სამიტზე ლიდერებმა „ალიანსი მომავლისთვის“ ინიციატივა წამოიწყეს, რაც მათ მრავალწლიან პარტნიორობაში მნიშვნელოვანი ეტაპად აღიარეს. ალიანსი თანამშრომლობას ექვს სფეროში გააძლიერებს: ვაჭრობა და მარეგულირებლების თანამშრომლობა ციფრული, კვლევითი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კრიტიკული რესურსები და ენერგეტიკა ფინანსური მომსახურება და ბაზრები უსაფრთხოება და მზადყოფნა ხალხთაშორისი კავშირები  

„შუა დერეფანი, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა“ — რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში

28 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში — „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“, მსოფლიო ბანკი ცხრა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას აფასებს. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შუა დერეფანი საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, შუა დერეფანი საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას გამოიწვევს.  „ანგარიში განიხილავს, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მსოფლიო დონის ვაჭრობა და ლოჯისტიკა შუა დერეფნის მეშვეობით. ანგარიშის თანახმად, ვაჭრობის მოცულობა ოთხმაგად გაიზრდება, დერეფნის გავლის დრო 66%-ით შემცირდება, 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო რეგიონის მშპ საშუალოდ, 3.3%-ით გაიზრდება. საქართველოს შემთხვევაში, პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის მშპ 3.6%-ით გაიზრდება. ასევე, დასაქმების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - განაცხადა როლანდ პრაისმა. ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურაში დაგეგმილმა ინვესტიციებმა "შუა დერეფანში" ტვირთების მოცულობა შესაძლოა, სამჯერ და მეტად გაზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო დაახლოებით გაანახევროს. თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზღვარზე, საბაჟოზე, ციფრულ სისტემებსა და ტრანსპორტის მართვაში რეფორმებიც დაემატება, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლისთვის ტვირთბრუნვა შეიძლება, დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდოს, ხოლო გადაზიდვის დრო ორი მესამედით შემცირდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ძირითადი ინფრასტრუქტურული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად რეგიონს 2040 წლამდე, სულ მცირე, 25 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ესაჭიროება. დამატებით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ინვესტიცია — დერეფანთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის ხელშესაწყობად, მათ შორის პორტებთან და მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზებისა და რკინიგზის, ლოგისტიკური ჰაბებისა და ტერმინალებისთვის. ასევე, ისეთ აუცილებელ ლოგისტიკურ აღჭურვილობას, როგორიცაა მოძრავი შემადგენლობა, ტვირთის დამუშავების ტექნიკა და ციფრული სისტემები. საქართველოს საზღვაო პორტები ფოთის პორტი საქართველოს ორი მოქმედი პორტიდან ყველაზე დიდია და ქვეყნის მასშტაბით კონტეინერების გადამუშავების საერთო მოცულობის 85%-ს უზრუნველყოფს. 2023 და 2024 წლებში პორტის გამტარუნარიანობა კონტეინერების კუთხით 600 000 TEU-ს შეადგენდა, ხოლო ფაქტობრივმა გადამუშავებამ, შესაბამისად, 592 589 და 545 297 TEU შეადგინა; შედეგად, სიმძლავრის ათვისების მაჩვენებელი აღნიშნულ წლებში 99% და 91% იყო. 2025 წელს, საოპერაციო ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გამტარუნარიანობა მცირედით გაიზარდა და 650 000 TEU-ს მიაღწია; იმავე წელს დაფიქსირებულ ფაქტობრივ მაჩვენებელთან (636 466 TEU — რაც პორტის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია) შედარებით, სიმძლავრის ათვისების დონემ 98% შეადგინა. ეს მიუთითებს კონტეინერების გადატვირთულობის მაღალ რისკსა და საქართველოში პორტის გამტარუნარიანობის გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე. კონტეინერული და არაკონტეინერული ტვირთების გათვალისწინებით, საქართველოს ორი მოქმედი შავიზღვისპირა პორტის — ფოთისა და ბათუმის — სიმძლავრის ჯამურმა ათვისებამ 2023 წელს 65% შეადგინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ ათვისების ეს საერთო დონე გაიზარდა. ახალი ბორნებისა და პორტის გადამუშავების ინფრასტრუქტურის დანერგვის შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით გადაზიდვების სეგმენტს უფრო დიდი მოცულობების გატარება შეეძლება, მათ შორის — ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით ლითონის ექსპორტის და სომხეთიდან თუ საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით (აღმოსავლეთით) სპილენძის ექსპორტის. შედარებისთვის, ბათუმის პორტის კონტეინერული გამტარუნარიანობა 200 000 TEU-ს, ხოლო ფაქტობრივი გადამუშავება 109 579 TEU-ს შეადგენდა (ათვისების მაჩვენებელი — 55%, წილი ქვეყნის საერთო მოცულობაში — 15%). იმ ფონზე, როდესაც: (1) მოქმედ პორტებს შორის შესაძლებლობების მხრივ დისბალანსია; (2) ფოთის პორტმა კონტეინერული ოპერაციების კუთხით მაქსიმალურ გამტარუნარიანობას მიაღწია; და (3) მოსალოდნელია TCTC-ის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) კონტეინერული ტვირთნაკადისა და საქართველოს პორტებში შემომავალი გემების საშუალო ზომის ზრდა, — საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული ეს შეუსაბამობა აღმოფხვრას მიზნობრივი გამტარუნარიანობის გაზრდით და, ამავდროულად, პორტების სექტორში კონკურენცია გააძლიეროს. ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს ავითარებს — ეს არის ფოთის ჩრდილოეთით მდებარე ღრმაწყლოვანი პორტი (ე.წ. „greenfield“ პროექტი), რომლის ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება; პორტს ექნება განვითარების ფართო პოტენციალი, შეძლებს შავ ზღვაში მოძრავი ყველაზე დიდი ზომის გემების მიღებას და უზრუნველყოფს მულტიმოდალურ კავშირს მომსახურების არეალთან. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი „ლენდლორდის“ (landlord) მოდელის საფუძველზე შენდება, რაც პორტების სექტორის მართვის ისეთ მიდგომას ნერგავს, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას და პრეცედენტი არ აქვს საქართველოს ზოგადი დანიშნულების ტვირთებზე ორიენტირებულ საზღვაო პორტებში. მოსალოდნელია, რომ ეს მიდგომა მოიზიდავს კერძო სექტორის ინვესტიციებს სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პარალელურად, უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების გაწევას და ხელს შეუწყობს დროთა განმავლობაში ამ პორტში რამდენიმე ტერმინალისა და მათი ოპერატორის განვითარებას; შედეგად, შეიქმნება კონკურენცია არამხოლოდ სხვა პორტებთან (ფოთსა და ბათუმთან), არამედ თავად ანაკლიის პორტის შიგნითაც. შავი ზღვის მიმართულება ამჟამად ორ განშტოებას მოიცავს; ორივე მათგანი საქართველოს სარკინიგზო და საზღვაო-საპორტო ქსელების ნაწილია. მოსალოდნელია, რომ 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ამ ქსელებს მესამე განშტოებაც დაემატება. კერძოდ, ტვირთის გადაზიდვა შესაძლებელია ფოთის (რომელიც ამჟამად წამყვანი პორტია) ან ბათუმის პორტის გავლით; ორივე მათგანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. მომავალში შავი ზღვის მიმართულებით მოქმედი გადამზიდავებისთვის დამატებითი არჩევანიც გაჩნდება, რადგან საქართველო ანაკლიაში ახალ, ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, რომელიც მულტიმოდალური კავშირებით იქნება უზრუნველყოფილი. ანაკლიის პორტის მშენებლობა (მათ შორის, შიდა ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა) სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისისთვის დასრულდება და პორტი ბაზარზე ოპერირების საწყის ეტაპზე გადავა.  

„ჩვენ მიერ არჩეული გზა განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი მსოფლიოში ლიდერის პოზიციას“ — მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

ათენში, აკროპოლისის წინ გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიმოიხილა გზა ძველი საბერძნეთის ისტორიიდან ამერიკული ინდუსტრიის აღზევებამდე და ხაზი გაუსვა, რომ დასავლურ ცივილიზაციას დაცემის საფრთხე ემუქრება. რუბიომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „გარდამტეხ ეტაპზეა.“ მისი შეფასებით, ერებმა, განსაკუთრებით ევროპაში, უნდა აღადგინონ კავშირი ძველ ბერძნულ ღირებულებებთან და „ხელახლა ააშენონ ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უკვე გააკეთა.  მან ანტიკური საბერძნეთისა და კლასიკური სახელმწიფო მართვის მაგალითებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ინტერესების, წინდახედულობისა და ძალის გამოყენების მნიშვნელობის.  თანამშრომლობაზე საუბრის პარალელურად, რუბიომ აღნიშნა, რომ „ერებს არ მოეთხოვებათ საკუთარი უნიკალური იდენტობის დათმობა საერთო ინტერესების აღიარებისთვის.“ რუბიომ, რომელსაც 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად ხშირად მოიხსენიებენ, ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, მსოფლიოს ემუქრება, მათ შორის ირანში მოქმედ „რადიკალ მოლებსა“ და თვითმკვლელ ტერორისტებზე. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის გამოსვლის ძირითადი ნაწილი უფრო ფართო საფრთხეს დაეთმო; მან მიმდინარე პერიოდი გზაგასაყარად შეაფასა.   ის პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის იმ „კლასიკური გააზრების“ აღდგენის მოწოდებით გამოვიდა, რომლის დაბრუნების იმედიც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს — არამხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი ცივილიზაციისთვის, რაც გულისხმობს ეროვნული სიამაყის აღდგენას — გრძნობისა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, თუმცა დასავლეთმა მასზე უარი თქვა.მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ევროპის ტრანსატლანტიკური მეგობრობა არ უნდა იყოს „ნულოვანი ჯამის თამაში“ და მათ ერთად გამარჯვება სჭირდებათ. რუბიომ ასევე გაიხსენა ისტორიული კავშირები, მათ შორის საბერძნეთის 1821 წლის თავისუფლებისთვის ბრძოლა და დასავლური ცივილიზაციის ისეთი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორებიცაა პატივისცემა, მოვალეობა და გმირული მემკვიდრეობა. თავისი გამოსვლის დასასრულს, რუბიო გამოვიდა მოწოდებით, რომ აუცილებელია ამ სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენა და ერთობლივი ძალებით თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.   რუბიოს გამოსვლა სრულად:   „მსოფლიოს მასშტაბით უამრავ დიდებული ნანგრევი გვხვდება. ხშირ შემთხვევაში, ისეთი ადგილები, სადაც თითქოს ისტორიამ თავისი თავი უკვე ამოწურა — ეს შორეული კულტურების ნაშთებია, რომლებიც დიდი ხანია, ცოცხალ მეხსიერებას გასცდა.   თუმცა აკროპოლისი სულ სხვაგვარია. ათასწლეულების განმავლობაში, ცივილიზაციამ ჩემ უკან აღმართული ნაგებობები შექმნა, რამაც დასავლური სამყაროს წარმოსახვაზე წარუშლელი კვალი დატოვა. ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების, ხელოვანებისა და ფილოსოფოსების თაობები მას მუდმივად შესცქეროდნენ — აღტაცებითა და მოწიწებით.დროს ახასიათებს აღქმების გაფერმკრთალება: დიდებული გამარჯვებები თუ კატასტროფული მარცხი თითქოს უფერულდება და  სახელმძღვანელოს ფურცელზე დატანილ უმნიშვნელო მინაწერად იქცევა — კიდევ ერთ ფაქტად, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ჯერ იმახსოვრებენ და შემდეგ ივიწყებენ. მაგრამ ანტიკური ხანის ბერძნებს ჩვენს მეხსიერებაზე თითქოს მისტიკური ძალა აქვთ. ისინი კვლავ გვიხმობენ საკუთარ თავიან სამყაროში. ქრისტეს შობამდე 480 წელს, ქსერქსეს ლაშქარი ამ ქალაქში შემოიჭრა და მის სალოცავებს ცეცხლი წაუკიდა. იმ დროისთვის ათენელთა უმეტესობა გემებით უკვე ახლომდებარე კუნძულზე იყო ევაკუირებული. თუმცა მცირე ნაწილმა უარი თქვა მშობლიური კერის დატოვებაზე. მათ თავი აკროპოლისის კლდოვან ციხესიმაგრეს შეაფარეს და უკანასკნელი, გმირული ბრძოლა გააჩაღეს: კლდეებიდან სპარს დამპყრობლებს უზარმაზარ ლოდებს ესროდნენ და დღეთა განმავლობაში იგერიებდნენ იმ ეპოქის უძლიერეს იმპერიას. საბოლოოდ, მტერი მათზე გაბატონდა. სპარსელებმა ტაძრები გაძარცვეს, სალოცავები გადაწვეს და აკროპოლისი მიწასთან გაასწორეს, მაგრამ როდესაც ათენელები დაბრუნდნენ, მათ ძველი აკროპოლისის დამსხვრეული ნაშთები შეაგროვეს და იმავე ბორცვზე დამარხეს, სადაც ის ოდესღაც იყო აღმართული. ათწლეულების შემდეგ კი, პერიკლეს მმართველობისას, მათ პართენონი ააგეს. მას შემდეგ 25 საუკუნე გავიდა და პართენონი კვლავ დგას. მის ჩრდილში იმპერიები აღზევდნენ და დაეცნენ. ხოლო იმ ადამიანთა შთამომავლებმა, რომლებმაც ის ააგეს — ათენისა და რომის შვილებმა — თავიანთი ცივილიზაცია დედამიწის კიდემდე გაავრცელეს. ამერიკის რესპუბლიკის დაარსებიდან ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ — იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავარ, დედამიწის მეორე მხარეს — მე აქ ვარ როგორც ამ რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი და როგორც ესპანეთიდან ახალ სამყაროში გადასახლებულთა შთამომავალი; აქ ვდგავარ, რათა ვაღიარო ვალი, რომელსაც ვერც დროის დინება და ვერანაირი მანძილი ვერასდროს წაშლის. ამერიკის, ჩემი ქვეყნის ისტორია ანტიკური ხანის კვალს ატარებს. საბერძნეთი პირდაპირი გაგებითაა აღბეჭდილი ჩვენს არქიტექტურაში: ჩვენი დედაქალაქის მაღალ სვეტებში, გუმბათებსა და მონუმენტებში. ქალაქი, სადაც ჩვენი კონსტიტუცია დაიბადა — ფილადელფია — თავადაც ბერძნული სახელწოდებაა. ჩემი ქვეყნის დამფუძნებლებს ხიბლავდა ის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენგან მივიღეთ. ისინი ისტორიის ღრმა მცოდნეები იყვნენ და მკაფიოდ აცნობიერებდნენ საკუთარ უნიკალურ ადგილს მასში, თუმცა წარსულის არცერთ სხვა ეპოქას არ მიუპყრია მათი ყურადღება და წარმოსახვა ისე, როგორც ანტიკურ ხანას. ბევრისთვის მოულოდნელია იმის გაგება, რომ „ფედერალისტის წერილებში“ (Federalist Papers) ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი არც განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსი ყოფილა და არც პოლიტიკური თეორეტიკოსი. არა, „ფედერალისტის წერილებში“ ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი პლუტარქე იყო — საბერძნეთისა და რომის დიდებული მოღვაწეების ბერძენი ბიოგრაფი. ბევრი დაწერილა და თქმულა ძველი საბერძნეთის გავლენაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების იდეებზე — და, ამასთანავე, მათ წინამორბედ ყველა დასავლელ ფილოსოფოსსა თუ სახელმწიფო მოღვაწეზე. ამ ისტორიის ძირითადი ნაწილი ჩვენთვის ნაცნობია: ათენმა მოგვცა დემოკრატია; პლატონმა და არისტოტელემ — დასავლური ფილოსოფია; ხოლო კანონის, სათნოების, მოქალაქეობისა და რესპუბლიკური მმართველობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სწორედ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა. მეტიც, ჩვენი პოლიტიკური ლექსიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც — ისეთი სიტყვები, როგორიცაა დემოკრატია, ტირანია და თავად სიტყვა „პოლიტიკა“ — სწორედ აქედან იღებს სათავეს. ყოველივე ეს სიმართლეა. თუმცა ის, რის გამოც ამ ადგილის ვალი გვაქვს — როგორც ამერიკელებსა და დასავლელებს — გაცილებით ღრმა და არსებითია. ეს ინსტიტუტები და იდეები იმ ფუნდამენტური თვისებების გარეგნული გამოვლინება იყო, რომლებიც ძველ ბერძნებში შეგვიძლია, ვიხილოთ — თვისებებისა, რომელთა დაყვანაც რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემასა თუ თეორიამდე შეუძლებელია. სწორედ აქ, ათენში, ვიხილეთ იმ არსებითი ნიშან-თვისებების პირველი სრულფასოვანი გამოვლინება, რომლებმაც შემდგომში დასავლეთის სახე განსაზღვრა: მტკიცე ინდივიდუალიზმი და დაუოკებელი ამბიცია; კვლევა-ძიება და ინოვაცია; აღმოჩენის, თავგადასავლის, რისკისა და დიდების წყურვილი. სამყაროსა და მისი მოქმედების პრინციპებისადმი დაუოკებელი ინტერესი; ბუნების საიდუმლოებათა შეცნობისა და კოსმოსური საიდუმლოებების ამოხსნის სურვილი. შეურიგებლობა „შეუძლებლობის“ ცნებასთან, ყველა საზღვრისა და შეზღუდვის გადალახვის სურვილი. ეს არ ყოფილა მხოლოდ რომელიმე ფილოსოფიური სკოლის ფორმულები თუ დოგმები. ეს იყო ხალხის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც აისახებოდა მათ ტრადიციებში, თქმულებებსა და წარმოსახვაში; იმ თვისებებში, რომლებსაც ისინი მოქალაქეებისგან მოითხოვდნენ; და იმ ღირებულებებში, რომელთა გამოც ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ. მათი შეცნობა საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს. სწორედ აქ აყვავდა დასავლური სწრაფვა იმისკენ, რომ გამოეაშკარავებინათ ყველაფერი, რასაც უმეცრება, სიბნელე და სიშორე ადამიანის გონებისგან მალავდა. ბერძნებს ისტორია მხოლოდ არ შეუქმნიათ; მათ თავად ისტორია გვაჩუქეს. ბევრი რამ, რაც უძველესი ცივილიზაციების შესახებ ვიცით, თითქმის მთლიანად ბერძენი მკვლევრებისა და ისტორიკოსების ჩანაწერებიდან მომდინარეობს — ადამიანებისგან, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ხალხის ისტორიას აღწერდნენ, არამედ შორეულ მხარეებშიც მიემგზავრებოდნენ, რათა დაეკვირვებინათ და აღეწერათ სხვადასხვა ხალხისა და კულტურის ამბები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაშინ, როცა სხვები საკუთარ თავში იყვნენ ჩაკეტილნი, ბერძნები პირველები იყვნენ, ვინც მზერა გარეთ მიაპყრეს და უცხოსა და ახლის ხილვით გამოწვეული აღტაცებისა და დიდების ძიება დაიწყეს. სწორედ ამ თვისებამ უბიძგა დასავლეთს ისეთი რამეების შექმნისა და აშენებისკენ, რაც სხვებს არ შეეძლოთ; სწორედ ამან გამოგვარჩია იმ მრავალი სხვა კულტურისა და ცივილიზაციისგან, სადაც სტაბილურობა და არსებობის შენარჩუნება ცხოვრების უმაღლეს მიზნად მიიჩნეოდა. ბერძნებისგან მხოლოდ შეუცნობის ამოცნობის ამბიცია არ მიგვიღია; ჩვენ მათგან მივიღეთ რწმენაც, რომ შეუცნობლის შეცნობა შესაძლებელია. ეს არის რწმენა იმისა, რომ სამყაროს აღწერა, გაზომვა, რუკაზე დატანა და გააზრება შეიძლება; რომ კოსმოსს აქვს რაციონალური წესრიგი, რომელსაც გარკვეული ფუნდამენტური კანონები მართავს — კანონები, რომელთა დაკვირვებაც ადამიანებს შეუძლიათ და რომელთა გააზრებაც გონებას ძალუძს. ეს იყო დასავლური აზროვნების საფუძველი: ჩვენი მათემატიკის, ჩვენი მეცნიერების, ჩვენი მედიცინის, ჩვენი ფილოსოფიის, ეთიკისა და რელიგიის. მან გზა გაუხსნა იესო ქრისტეს სახარებას, რომ ევროპაში ნაყოფიერი ნიადაგი ეპოვა და ქრისტიანული სამყაროს იმპერიაში აყვავებულიყო. ეს იყო ქრისტიანული თეოლოგიის სიმდიდრის - ავგუსტინესა და აკვინელის და ბუნებრივი სამართლის მთელი ტრადიციის - საფუძველი. მან წარმოშვა ცივილიზაცია, რომელიც არამხოლოდ საერთო კულტურით, არამედ საერთო ანთროპოლოგიითაც იყო გამორჩეული - საერთო ხედვით ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის შესახებ. მის შთამომავლებს აერთიანებდათ არამხოლოდ ბუნებრივი წესრიგის იდეა, არამედ სათნოების, ბედისწერისა და ბედ-იღბლის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის გაგება, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა, ობიექტური სტანდარტებითა და იდეალებით, რომელთაკენაც უნდა ისწრაფვოდნენ. ანტიკური ხანის ბერძნებისთვის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის არსებობის მთავარი პრინციპი იყო. მათ მთელი სამოქალაქო ცხოვრება შეჯიბრის, ამბიციისა და კონკურენციის გარშემო მოაწყვეს: ფილოსოფიასა და პოეზიაში, ქანდაკებასა და დრამაში, სპორტსა და ხელოვნებაში, ომსა და სახელმწიფოებრივ ხელოვნებაში. კლასიკური ბერძნული ქალაქი იყო ასპარეზი, სადაც დიდ ადამიანებს საკუთარი თავის გამოცდა და დამტკიცება შეეძლოთ, სადაც მუდმივი ბრძოლით სრულყოფდნენ თავიანთ შესაძლებლობებს – ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საუკეთესოები, უძლიერესები, ულამაზესები და სულ უფრო ახლოს ყოფილიეყვნენ სრულყოფილებასთან. ახლა ვიცი, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, ის, რაც ახლახან აღვწერე, ცხოვრების ეს წესი, შეიძლება უცნაურად და სასტიკადაც კი ჟღერდეს. ჩვენი დროის მრავალი იდეოლოგიის იდეალად, გულწრფელად რომ ვთქვათ, იქცა სრულყოფილი უსაფრთხოების სამყარო – რისკისა და მარცხის გარეშე, სადაც არც გამარჯვების დიდებაა და არც დამარცხების სირცხვილი. დღესდღეობით ძალიან ხშირად ჩვენ ვქმნით ჩვენს სტანდარტებს ისე, რომ არავინ წააგოს; ჩვენ უფრო მეტად ვართ დაკავებულნი სუსტის კომფორტით, ვიდრე საუკეთესოს პოტენციალით.  ადამიანები, რომლებმაც პართენონი შექმნეს, ზემოთ აშენებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ცხოვრებაში უმაღლესი და ყველაზე კეთილშობილური მისწრაფება იყო ყველა დანარჩენზე მეტის გაკეთება, ყველაფერში საუკეთესოდ ყოფნის სურვილი. ძველი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები სავსე იყო ინტენსიური ვნებით, მეტოქეობით, ჯგუფებითა და კონფლიქტებით. მაგრამ ამ მუდმივი ბრძოლიდან ხელოვნების, ფილოსოფიის, პოლიტიკური და ინტელექტუალური ენერგია წარმოიშვა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის ქალაქების ერთობლიობა მსოფლიოში უდიდესი ცივილიზაციის სამშობლოდ აქცია. თიმოსი, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ - ვნების, ძალის, გამბედაობის, სიამაყის ცეცხლი - დიდი ცივილიზაციის გულია. და მის გარეშე? მის გარეშე, ერები კარგავენ ბრძოლის სურვილს, გადარჩენის სურვილს. დღეს დასავლეთის ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ეს თვისება. დროთა განმავლობაში, ჩვენ, დასავლეთში, სირცხვილის გრძნობა გაგვიჩნდა იმ ყველაფრის გამო, რაც გვხდის გამორჩეულს; რომ ჩვენი მიღწევები გამოგვარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. ჩვენი კეთილდღეობა რატომღაც დანაშაულის წყაროდ იქცა. ჩვენ აღარ გვჯეროდა, რომ ვიმსახურებდით და დავიმსახურეთ ჩვენი სიდიადე. სიტყვა „ნაციონალიზმი“ ბინძურ სიტყვად იქცა. ამიტომ ჩვენ დავანგრიეთ ჩვენი ძეგლები; დავგმეთ ჩვენივე ისტორია. და ძალიან ბევრ ადგილას ვასწავლეთ ჩვენს შვილებს, რომ შერცხვენოდათ იმ ქვეყნების, რომლებსაც ისინი მემკვიდრეობით მიიღებდნენ. ამ პროცესში გავხსენით საზღვრები, ჩვენი მრეწველობა საზღვარგარეთ გადავიტანეთ და დავუშვით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დასუსტებულიყო. ყოველ მომდევნო წელს თითქოს ჩვენი სუვერენიტეტის სულ უფრო დიდ ნაწილს სხვებს, გადაწყვეტილებების მიღების უფლებას კი, გლობალურ ბიუროკრატიებს ვაბარებდით, რომლებიც ჩვენი კონტროლის მიღმა იყვნენ. მაგრამ სხვები ძალიან ბედნიერები იყვნენ იმ ვაკუუმის შევსებით, რომელიც ჩვენ დავტოვეთ - ვაკუუმის, რომელიც ჩვენი სისუსტის გამო დარჩა. და როდესაც დასავლეთის თავდაჯერებულობა შეირყა, მისი მოწინააღმდეგეები და მეტოქეები კიდევ უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, ჩვენს ნაცვლად საკუთარი სიმდიდრე და ძალაუფლება დააგროვეს. და ახლა, დღეს, ჩვენ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდით. რადგან შემდეგი ათწლეული და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაწერს შემდეგი საუკუნის ისტორიას. ჩვენ მიერ არჩეული კურსი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი თავის ადგილს მსოფლიოს სათავესთან, თუ შეეგუება ატროფიის, მონობისა და დაცემის მომავალს. ჩვენ ან ახლა ვიმოქმედებთ, ან საერთოდ დავკარგავთ მოქმედების არჩევანს. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს შეერთებულმა შტატებმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ მტკიცე მისწრაფებას ეროვნული ძალაუფლებისკენ, რათა დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს კრიტიკულ მომარაგების ჯაჭვებზე, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია, აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა და ვიბრძოლოთ მომავლის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიების დომინირებისთვის.“ მიუხედავად თავიანთი ამაღლებული იდეალებისა, ძველი ბერძნები გულუბრყვილოები არ ყოფილან.მათ ესმოდათ, რომ ერებს ინტერესები აქვთ. ესმოდათ, რომ სახელმწიფო მართვა წინდახედულობასა და დიპლომატიას მოითხოვს, მაგრამ ასევე მოითხოვს ძალის გამოყენების უნარს მაშინ, როდესაც წინდახედულობა და დიპლომატია შედეგს ვერ აღწევს. მათ ესმოდათ, რომ ძალაუფლება მხოლოდ თავის დაცვის საშუალებების ქონას არ ნიშნავს – საჭიროა სხვებს სჯეროდეთ, რომ ამ საშუალებების გამოყენებისთვის მზად ხარ. ეს არის პოლიტიკისა და სახელმწიფოებრივი ხელოვნების კლასიკური გაგება, რომლის აღდგენასაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს – არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციისთვის.ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია ხანგრძლივი ძილიდან გამოღვიძება და იმ ცეცხლის ხელახლა გაღვივება, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო.ამის ნიშნები უკვე არსებობს. ამ კონტინენტზე ვხედავთ იმას, რაც, იმედი გვაქვს, თაობათა ცვლილების დასაწყისი იქნება: თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების სწრაფი განვითარება, წარმოებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაფართოება – იმ ისტორიული თავდაცვითი ვალდებულებების შემდეგ, რომლებიც გასულ წელს ჰააგაში მოხდა. საბერძნეთი ამ ცვლილებების ცენტრში იყო.ამ ქვეყნის ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელი მეგობარია როგორც ევროპისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – ენერგეტიკიდან მიგრაციამდე და თავდაცვამდე, სადაც საბერძნეთი სამაგალითო მოკავშირეა. და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მთელი ევროპა თქვენს მაგალითს მიჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ვნებებმა შესაძლოა, ზოგჯერ დაძაბოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის მეგობრული კავშირები, არ უნდა დავუშვათ მათი გაწყვეტა. ერთად უნდა გავაძლიეროთ ალიანსი, რომელსაც შეუძლია, გაუმკლავდეს ჩვენი ეპოქის საფრთხეებს. ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან არ გვჯერა, რომ ტრანსატლანტიკური მეგობრობა ნულოვანი ჯამის თამაში უნდა იყოს.პირიქით: ჩვენი ხედვა არის ალიანსი, რომლის ძალაც მისი შემადგენელი ნაწილების ძალთა უბრალო ჯამზე მეტია.ამ ხედვის სისრულეში მოყვანა სულ გასულ თვეში ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უპრეცედენტო ახალი შეთანხმების დროს -  შეთანხმებისა, რომელიც არქტიკას გარდაქმნის და მთელი NATO-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს. ამ შეთანხმების სამივე მონაწილე გამარჯვებულია. მთელი ევროპა, NATO და ამერიკის შეერთებული შტატები ამის შედეგად, უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცული გახდა.ჩვენ გვინდა ერთად გამარჯვება.ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს მოდური გახდა წარმოდგენა, თითქოს განათლებული საგარეო პოლიტიკა საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა გლობალური საზოგადოების ინტერესების დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, აქაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი ძველი ბერძნებისგან, რომლებმაც იცოდნენ, რომ საკუთარი ერის ერთგულებაში არაფერია ეგოისტური ან არასწორი. ისევე, როგორც არაფერია ეგოისტური ან არასწორი იმაში, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლო. მათ სჯეროდათ „დიდი ადამიანის“ იდეალის — გამორჩეული პიროვნებისა, რომელიც თავისი საქმეებით უკვდავებას მოიპოვებს. მათ ასევე სწამდათ, რომ დიდება და სახელი ძალისხმევით, მსხვერპლის გაღებითა და ისეთი საქმის კეთებით მოიპოვება, რომლის მნიშვნელობაც თავად პიროვნებას აღემატება. ძველი ბერძნული სამყაროს გმირი იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაეხადა იმ საქმისთვის, რომლის ერთგულებასაც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა. სოკრატეს მაგალითზე ვხედავთ ადამიანს, რომელმაც ჭეშმარიტების ძიებაზე უარი არ თქვა მაშინაც კი, როცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა მოუხდა. ამის მაგალითია ლეგენდარული ბრძოლა, რომელშიც 300 სპარტელი — სპარსელთა უზარმაზარი ლაშქრის ალყაში მოქცეული და ძალთა უთანასწორობის წინაშე სრულიად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეომრები — საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობის მიუხედავად, სიკვდილამდე ბრძოლასამჯობინებდნენ, ვიდრე პოზიციები დაეთმოთ ან თავიანთი მოვალეობისთვის ეღალატათ. ამასვე ვხედავთ აქილევსის ეპიკურ მითში: მას არჩევანი შესთავაზეს — დაბრუნებულიყო სამშობლოში და ხანგრძლივი, მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა, თუმცა მან ტროასთან დარჩენა და მარადიული დიდების მოსაპოვებლად სიკვდილი არჩია. სწორედ ამ თვისებებმა ჩამოაყალიბა დასავლური სამყაროს ზნეობრივი წარმოდგენები. ქრისტიანი მოწამიდან, რომელმაც რწმენის ღალატს სიკვდილი არჩია, პატრიოტამდე, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა; წმინდა თომას მორიდან ალამოს ბრძოლამდე — ამ ტრადიციას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის უკვდავი დასკვნითი სიტყვებიც: „ჩვენ ერთმანეთს აღვუთქვამთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ქონებასა და ჩვენს წმინდა ღირსებას.“ დასავლეთმა მოვალეობის გრძნობა სწორედ ძველი ბერძნებისგან მემკვიდრეობით მიიღო — ეს არის ურყევი ერთგულება საკუთარი პრინციპების, საქმისა და სამშობლოს მიმართ. დასავლეთის გმირები ისინი არიან, ვინც მოვალეობის ერთგული სწორედ მაშინ რჩებიან, როცა ამის გაკეთება ყველაზე რთული და მტკივნეულია: ადამიანი, რომელიც საკუთარ სიტყვას არ ღალატობს; ჯარისკაცი, რომელიც პოზიციას არ ტოვებს; კაპიტანი — ის კაპიტანი, რომლის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილ გამოთქმაშია ნათქვამი, რომ გემთან ერთად იძირება. ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დღესაც ვხედავთ, მაგალითად, ირანის რადიკალი მოლების მსგავსი ფანატიკოსების შემთხვევაში. მათი სიკვდილის კულტი ბავშვ თვითმკვლელ ტერორისტებს ეროვნულ გმირებად წარმოაჩენს, ხოლო მოწამეობას თვითმიზნად აქცევს. ჩვენი გმირები — ჩვენი გმირები შეიძლება, მზად იყვნენ, თავიანთი საქმისთვის სიცოცხლე გაწირონ, მაგრამ ისინი სიკვდილს არ ეთაყვანებიან. სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლეს ვაფასებთ, ვაცნობიერებთ იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც საკუთარი პრინციპების ღალატს სიცოცხლის გაწირვას ამჯობინებენ. დღეს დასავლურ წარმოდგენებს გმირობის, ღირსებისა და მოვალეობის შესახებ თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მივიჩნევთ. გვგონია, რომ ეს ღირებულებები ყველა ეპოქასა და ყველა საზოგადოებაში, ყველა ადამიანისთვის უნივერსალურია. სინამდვილეში ასე არ არის. ისინი განსაკუთრებული ხასიათისა და მსოფლმხედველობის შედეგია — იმ თავისებურებებისა, რომლებიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა და შემდგომი ცივილიზაციის მთელ ისტორიას დაედო საფუძვლად. დღეს კი ამ ცივილიზაციის დაცვა ისეთივე შემართებით გვმართებს, როგორითაც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. პართენონის მშენებლებს ევროპის ქრისტიანული ცივილიზაციის არქიტექტორები მოჰყვნენ, რომლებმაც მილანის, კიოლნისა და ფლორენციის დიდებული ტაძრები აღმართეს. ადამიანის სხეულის სრულყოფილი ფორმის ძიებამ, რომელიც ძველ ბერძენ მოქანდაკეებს შთააგონებდა, ახალი გამოხატულება მიქელანჯელოს შემოქმედებაში ჰპოვა. ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სამყაროს მოწყობის კანონზომიერებების ძიების ტრადიცია კოპერნიკმა გააგრძელა, შემდეგ — გალილეომ, კეპლერმა და ნიუტონმა. ახალი ცოდნის წყურვილმა განაპირობა მაგელანის პირველი ექსპედიცია დედამიწის გარშემო, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა და, საბოლოოდ, „აპოლო 11-ის“ მოგზაურობა მთვარეზე. ალექსანდრეს, რომელმაც იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო, მამოძრავებელი თვისებები მოგვიანებით კეისარში, შემდეგ კარლოს დიდსა და კორტესშიც გამოვლინდა. ამერიკაში კი იმავე ტრადიციამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. უკიდეგანო, აუთვისებელი მიწა დასავლური წარმოსახვისა და ამბიციების ხელახალი აღორძინების ასპარეზად იქცა. ახალი ჰორიზონტებისკენ სწრაფვა, რომელიც ძველ ბერძნებს ახასიათებდათ, ამერიკაში საზღვრების გადალახვისა და ახალი მიწების ათვისების სულისკვეთებად ჩამოყალიბდა. ათენისა და რომის ცივილიზაციამ კი ახლად წარმოქმნილი, პატარა რესპუბლიკა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს მოიცავდა, კონტინენტურ იმპერიად აქცია. ყოველი თაობის უდიდესი ამერიკელები თავიანთ წინაპართა განუმეორებელ თვისებებს ატარებდნენ. მათი ფესვები ათენში იყო, მათი მსოფლმხედველობა რომმა ჩამოაყალიბა, ისინი ქრისტიანულმა ცივილიზაციამ მონათლა, შუა საუკუნეების ევროპის მკაცრმა გამოცდილებამ გამოაწრთო, ინგლისელთა თავისუფლებისმოყვარე გენიამ აღჭურვა, შემდეგ კი ატლანტის ოკეანის გადაღმა, ახალი სამყაროს ნაპირებზე გადაიტანა, სადაც ეს მემკვიდრეობა ხელახლა დაიბადა. ახლა ჩვენც ერთად უნდა დავუბრუნდეთ ამ სულისკვეთებას და ხელახლა აღმოვაჩინოთ იგი. ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით — ეს გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ ჩემი ქვეყნის ისტორიაში, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციის ცხოვრებაში. დღეს არსებული საფრთხეები ისეთივე რეალური და სერიოზულია, როგორიც ანტიკური ხანის დრამატულ სცენაზე იყო. საერთაშორისო ინსტიტუტების შექმნას ეროვნული ინტერესები არ გაუქრია. ომები არ შეწყვეტილა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობა ვისურვეთ. სხვა სახელმწიფოები კვლავ განაგრძობდნენ შეიარაღებას, გავლენის მოპოვებასა და კონკურენციას ტერიტორიების, ტექნოლოგიების, რესურსების, ბაზრების, ენერგიისა და ძალაუფლებისთვის. ახლა კი ომი კვლავ დაბრუნდა. დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციაც განახლდა. კვლავ ვაწყდებით მოწყვლადობას, აგრესიას, ტერორიზმს — საფრთხეებისა და თავდასხმების მთელ ახალ სპექტრს. ამიტომ აუცილებელია, განვაახლოთ ჩვენი ინსტიტუტები და ალიანსები, რათა ამ საფრთხეებს ერთობლივად გავუმკლავდეთ. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ მათი მიზანი ამ გაერთიანებებში შემავალი სახელმწიფოების სუვერენიტეტის გაუქმება კი არა, მისი დაცვაა, რათა სახელმწიფოებს არ სჭირდებოდეთ საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა საერთო ინტერესების აღიარებისთვის. ამ თანამშრომლობის მოდელი ჩვენმა ბერძენმა პარტნიორებმა და ჩვენ ერთად უკვე შევქმენით. ეს გამოიხატება თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორობაში, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობასა და საერთო მისწრაფებაში, დავიცვათ ევროპის საზღვრები მასობრივი მიგრაციით გამოწვეული საფრთხეებისგან. ჩვენი მეგობრობა ჩემი ქვეყნის ისტორიის პირველივე წლებს უკავშირდება. როდესაც 1821 წელს საბერძნეთი ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი მმართველობის შემდეგ დამოუკიდებლობის აღსადგენად აღდგა, ამერიკელებმა ამ ბრძოლაში მათთვის ნაცნობი რამ დაინახეს. სამი წლის შემდეგ ამერიკის დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ, დენიელ ვებსტერმა, კონგრესში ცნობილი სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ამერიკული რესპუბლიკის წარმომადგენელთა წინაშე საბერძნეთის რევოლუციის საკითხი დააყენა და მის მხარდაჭერას შეუწყო ხელი. თავისი გამოსვლა მან დამსწრეთა ყურადღების მიპყრობით დაიწყო — მათ გარშემო არსებული ყველაფრისკენ მიუთითა. აი, რა თქვა მან: „მმართველობის ეს თავისუფალი ფორმა, ეს სახალხო კრება... თავისუფალი დებატებისა და საჯარო განხილვის ეს პრაქტიკა, აზრთა შეჯიბრი... თვით შენობაც კი, რომელშიც ჩვენ ვიკრიბებით, მისი პროპორციული სვეტები და მორთული არქიტექტურა — ყველაფერი გვახსენებს, რომ საბერძნეთი არსებობდა და რომ ჩვენ, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, მის წინაშე დიდად დავალებულნი ვართ.“ ეს სიტყვები დღესაც ისეთივე ჭეშმარიტია, როგორიც მაშინ იყო, როცა ვებსტერმა ისინი წარმოთქვა. ყველამ — არამხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ევროპელებმა და დასავლეთში ჩვენმა მეგობრებმაც — ხელახლა უნდა შევისწავლოთ ის გაკვეთილები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწისა და მისი ისტორიისგან მიიღეს. საბერძნეთის ისტორია მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტების ადრეული ფორმების სურათს კი არ გვთავაზობს — ის საკუთარი თავის დანახვის საშუალებას გვაძლევს. იგი გვახსენებს, რომ დიდი გმირების მემკვიდრეები ვართ და გვაქვს მიზეზი, ვიამაყოთ — განსაკუთრებულად ვიამაყოთ — იმით, საიდან მოვდივართ. აღტაცებით უნდა შევხედოთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა ამ მიწაზე შექმნეს. ჩვენი ცივილიზაციის ისტორია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ამბავია. და ეს ყველაფერი აქ, დასავლეთის პირველ წარმომადგენელ ქალებსა და კაცებთან დაიწყო. სწორედ მათგან შეგვიძლია, კვლავ ვისწავლოთ ის სათნოებები, გამბედაობა და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება.“ ცნობისთვის, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მმართველობის ორივე ვადის განმავლობაში ცდილობდა, გაეტარებინა პოლიტიკა  — „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მან ტრადიციული მოკავშირეების თუ ხანგრძლივი სავაჭრო პარტნიორების მიმართ უფრო დაპირისპირებისკენ მიდრეკილი პოზიცია დაიკავა. ექვსი თვის წინ ტრამპი კვლავ დაიმუქრა, რომ აშშ-ს NATO-ს ალიანსიდან გამოიყვანდა; ის ხშირად აკრიტიკებდა ორგანიზაციას და წევრ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში უფრო დიდი შენატანების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. საბერძნეთში რუბიოს ვიზიტი NATO-ს მოკავშირე ქვეყნებში მისი ტურნეს ნაწილი იყო, რომელიც ისლანდიასა და პორტუგალიაში ვიზიტებსაც მოიცავდა.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და მსგავსი ქმედებები საფრანგეთსა და გერმანიაშიც ხორციელდება. BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე მოსვლის შემდეგ მან იკითხა 2016 წლის კენჭისყრაში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. „მივიღე მკაფიო პასუხი, რომ - დიახ, ასეთი რამ მოხდა.“ „ვფიქრობ, ამ საკითხში ზედმეტად პასიურები ვიყავით და საზოგადოება არასაკმარისად ინფორმირებული იყო იმის შესახებ, თუ რა მასშტაბით ცდილობენ უცხოეთიდან პოლიტიკური პროცესების ხელყოფას“, - აღნიშნა ენდი ბერნემმა. მას არ დაუკონკრეტებია „ბრექსითის“ რეფერენდუმის დროს მოსკოვის ქმედებების ხასიათი ან მასშტაბი. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის ჩარევის პრობლემა გერმანიაში ვიზიტის დროს კანცლერ ფრიდრიხ მერცთან განიხილა. “რუსეთიდან გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, დეზინფორმაცია. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მკაფიოდ დაფიქსირდეს და საჯაროდ ითქვას. მიმაჩნია, რომ ეს გერმანიისა და საფრანგეთის ამომრჩევლებს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ პოლიტიკური პროცესების გარკვეული ნაწილი ჩვენი მტრების, კერძოდ კი რუსეთის, მიერ არის ინსპირირებული,” - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა 2020 წელს. მთელი ეს პროცესი Brexit-ის სახელითაა ცნობილი.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველადი შეფასება რუსეთში ჭირის სავარაუდო შემთხვევაზე

ჯანმო: რუსეთში ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტესტირება და მონიტორინგი მიმდინარეობს. გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (ჯანმო) სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში, ციმბირის რეგიონში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებამ გააჩინა ეჭვი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ჭირი ყოფილიყო; ორგანიზაცია სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ჯანმო თანამშრომლობს შტაბ-ბინასთან, რათა სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს ინფორმაცია; ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს „რუსეთის ხელისუფლებას, თუ ისინი ამას მოითხოვენ.“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, ციმბირში მდებარე შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია. 28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი, დარია შიპილოვა, ირკუტსკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამსახურში ყოფნისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს [WHO] წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა, რომ ციმბირის ქალაქ ირკუტსკში ჭირის შემთხვევები არ დაფიქსირებულა; აღნიშნულ ქალაქში გასულ კვირას ჭირის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი გარდაიცვალა. მოსკოვს, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო წესების თანახმად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებზე 24 საათის განმავლობაში რეაგირება ევალება, ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იკვლევდა, ხომ არ გამოიწვია ქალის სიკვდილი ჭირმა. მათ ასევე აცნობეს გაეროს სააგენტოს, რომ დაადგინეს გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი პირები და რომ სახიფათო ინფექციურ პათოგენებზე ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა. სააგენტო Reuters-მა ჯერჯერობით ვერ დააზუსტა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ ტესტირება ლაბორატორიის თანამშრომელსაც ჩაუტარდა და გამორიცხავდნენ თუ არა მის შემთხვევაში ჭირის არსებობას. ჟენევაში გაეროსთან არსებულმა რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთში ეპიდემიის რისკი დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განმარტა, რომ დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების ნიშნები არ შეინიშნება. „არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა პირი, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა; მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ამ დროისთვის არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომები არ გამოუვლენია,“ — აღნიშნა კრისტიან ლინდმაიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ლინდმაიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რისკების პირველადი შეფასებით, „ირკუტსკისთვის რისკი ზომიერიდან დაბალ დონემდეა შეფასებული, რუსეთის ფედერაციისთვის მთლიანობაში — დაბალ დონედ, ხოლო ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის — ძალიან დაბალ დონედ.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეფასება განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე. მისი თქმით, რუსი ოფიციალური პირები კვლავ იკვლევდნენ, გამოიწვია თუ არა შიპილოვას სიკვდილი პნევმონიურმა ჭირმა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანმრთელობისთვის საფრთხის დონე შემდეგნაირად შეაფასა: ირკუტსკისთვის — „ზომიერიდან დაბალ დონემდე“, რუსეთის დანარჩენი ნაწილისთვის — „დაბალი“, ხოლო ევროპისთვის — „ძალიან დაბალი.“ ცნობისთვის, 28 წლის დარია შიპილოვა გასულ კვირას, ავად გახდომიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, შესაძლოა, ის სამუშაო ადგილზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაინფიცირებულიყო; აღნიშნულ დაწესებულებაში საშიში პათოგენები ინახება და მათი კვლევა მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლება მომხდარს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შიპილოვა „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. ქალაქ ირკუტსკში მდებარე კვლევით ცენტრსა და რამდენიმე მეზობელ საავადმყოფოში კარანტინის მკაცრი ზომები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, შიპილოვას 60 კოლეგა პარასკევიდან იმ ინსტიტუტის შენობაშია ჩაკეტილი, სადაც ის მუშაობდა; მათ იატაკსა და სკამებზე სძინავთ, ვიდრე ტესტირება მიმდინარეობს. მსგავსი ზომები დაწესდა ხუთ საავადმყოფოშიც, სადაც პაციენტებთან ახლობლების ვიზიტები აიკრძალა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყოლოდნენ ჭორებს და რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის უწყების — „როსპოტრებნადზორის“ — განცხადებებისთვის დაეჯერებინათ. უწყების ცნობით, ირკუტსკში ვითარება სტაბილურია და ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის ინფექციური დაავადების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თავის მხრივ, ვაშინგტონი მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოსკოვს მოუწოდა, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეტი დეტალი გაესაჯაროებინა. „ვფიქრობ, რუსეთის ვალდებულებაა, მსოფლიოს მეტი ინფორმაცია გაუზიაროს,“ — განაცხადა რუბიომ „ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით, საათობრივ რეჟიმში ვაკვირდებით,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. საპასუხოდ, „როსპოტრებნადზორმა“ შეერთებულ შტატებს დახმარება შესთავაზა. უწყების განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთის ფედერაცია მზადაა, დაეხმაროს აშშ-ს ინფექციური დაავადებების აფეთქებებთან ბრძოლაში.“ ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დახმარების აღმოჩენისთვის მზად იყო. „არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ მათ ეს პრობლემა აქვთ. ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყოველთვის დავეხმარებით,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში შეკითხვის საპასუხოდ. Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის მხრიდან საპასუხო ქმედებებზე მუშაობენ: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), სახელმწიფო დეპარტამენტი და სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების ადმინისტრაცია. ინფორმაციისთვის: პნევმონიური ჭირი ცალკე დაავადება არ არის. ის ჭირის სამი ფორმიდან ერთ-ერთია: ბუბონური, სეპტიცემიური და პნევმონიური. სამივეს ერთი ბაქტერია იწვევს. მათ შორის განსხვავებას განსაზღვრავს ის, სხეულის რომელ ნაწილში ლოკალიზდება ინფექცია, რაც გავლენას ახდენს დაავადების გავრცელების გზასა და მის სიმძიმეზე. ბუბონური ჭირი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და სწორედ მას გულისხმობს ადამიანების უმეტესობა, როდესაც სიტყვა „ჭირს“ ისმენს. ის, როგორც წესი, რწყილის ნაკბენის შედეგად ვითარდება. ბაქტერია უახლოეს ლიმფურ კვანძში ხვდება, რომელიც შუპდება და წარმოიქმნება მტკივნეული გამონაზარდი, რომელსაც ბუბონი ეწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ბუბონური ჭირი ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად ვრცელდება. ჯანმოს ცნობით, პნევმონიური ჭირი „შეიძლება, ფატალური იყოს დაავადების დაწყებიდან 18-24 საათის განმავლობაში, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, მაგრამ ენტერობაქტერიების საწინააღმდეგო გავრცელებული ანტიბიოტიკები ეფექტიანად კურნავს დაავადებას, თუ ისინი ადრეულ ეტაპზე იქნება მიღებული.“  

Moderna-ს mRNA ვაქცინა მაღალი რისკის მელანომის განმეორებასა და გავრცელებას ამცირებს — კვლევა

კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა, რომ კიბოს mRNA ვაქცინამ მელანომის რეციდივისა და გავრცელების რისკი შეამცირა. შესაბამის განცხადებას კომპანია Moderna ავრცელებს. ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიის აქციები 160%-ით გაზარდა. ეს არის პირველი წარმატებული შედეგი მრნმ-ის (mRNA) კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ასწავლის“, როგორ ებრძოლოს სიმსივნეს — ის მიზანში იღებს სიმსივნურ უჯრედებში არსებულ კონკრეტულ მუტაციებს. კვლევამ ასევე პირველად აჩვენა, რომ Keytruda-სთან {კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული პრეპარატი} ამ ვაქცინის დამატება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-ს გამოყენება. მსგავსი მიდგომები ამჟამად ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც გამოიცდება. Parker Institute for Cancer Immunotherapy-ის ხელმძღვანელმა კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შესაძლოა, მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალი ეპოქის დასაწყისი მოასწავოს. მისი თქმით, ეს წარმატებული შედეგი იმუნოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს ხსნის — „ეს მხოლოდ დასაწყისია.“

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულად კორტნი ოსტრიანი დაინიშნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდება. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას,”  - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ოსტრიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობდა.ის საგარეო სამსახურის უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ვენაში, ავსტრიაში, “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში” (ეუთო) აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და ხანგრძლივი ვადით საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის საზღვარგარეთ მისიებში, კორტნი ოსტრიანი მსახურობდა გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში. ვაშინგტონში კორტნი ოსტრიანი მსახურობდა საერთაშორისო საინფორმაციო პროგრამების ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ და სახელმწიფო მდივნის აპარატში. ოსტრიანს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სუორტმორის კოლეჯში, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი – საჯარო და არაკომერციული ორგანიზაციების მართვის მიმართულებით ბოსტონის უნივერსიტეტში და მეცნიერების მაგისტრის ხარისხი – ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით ომის ეროვნულ კოლეჯში.   

სომხეთმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსაზღვრა — რა წერია დოკუმენტში საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარდგენილი 2026-2031 წლების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ერევანი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს. ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გეგმავს, გააგრძელოს მუშაობა ქვეყნების საერთო საზღვრის დელიმიტაციაზე და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე სამშვიდობო ხელშეკრულებისა და სხვა შესაბამის სამართლებრივ შეთანხმებებზე ხელმოწერით. მთავრობა ასევე გეგმავს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაფართოებას. რაც შეეხება თურქეთს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთის მთავრობა გეგმავს ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის გახსნას, მათ შორის, სულ მცირე ორი თანამედროვე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სომხეთსა და თურქეთს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გაფართოებას. მთავრობამ განაცხადა, რომ სომხეთი გააგრძელებს ე.წ. „დაბალანსებული“ საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომლის მთავარ პრიორიტეტებს შორისაც მეზობელ ქვეყნებთან  — აზერბაიჯანთან, თურქეთთან, საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობების განვითარებაა. გეგმები მთავრობის უფრო ფართო 2026-2031 წლების პროგრამის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ერევანი ასევე გეგმავს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ირანთან სტრატეგიული კავშირების განვითარებას და რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებას. ცნობისთვის, სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი მიხედვით, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარება, სომხეთის, როგორც სავაჭრო და სატრანზიტო ცენტრის პოზიციონირება და ახალ ბაზრებზე, ინვესტიციებსა და საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვებზე წვდომის გაფართოება ერევნის პრიორიტეტებშია. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ენერგეტიკული კავშირების დამყარებას და გაფართოებას. რეგიონულ ენერგეტიკულ ქსელებში უკეთესი ინტეგრაციისთვის ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელი მოდერნიზდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, შიდა გაყიდვისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს გააფართოებს. ამოქმედდება ირან-არმენეთის 400 კვ-იანი ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზი და ნორავანის 400/220/20 კვ-იანი ქვესადგური. ასევე დაიწყება სომხეთ-საქართველოს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და აირუმისა და დიდმაშენის 400 კვ-იანი ქვესადგურების მშენებლობა. ასევე გაძლიერდება დიალოგი და თანამშრომლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და უფრო ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რათა ახალი ენერგეტიკული მარშრუტები განვითარდეს. გარდა ამისა, ახალი ბირთვული ენერგობლოკის მშენებლობის პროგრამა დაიწყება და 2027 წლის ბოლომდე, სულ მცირე, ბირთვული რეაქტორის ტექნოლოგია უნდა შეირჩეს.  

რა მისიით ჩავიდა CIA-ის დირექტორი მოსკოვში

CBS-ის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი მოსკოვში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. არც ვაშინგტონმა და არც მოსკოვმა არ დაადასტურეს ჯონ რეტკლიფის ვიზიტის ხასიათი ან ის თუ, ვისთან შეხვედრას აპირებდა ამერიკელი მაღალჩინოსანი. მონაცემები ადასტურებს, რომ სამშაბათს აშშ-დან რუსეთში ლატვიის გავლით დიდი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი გაემგზავრა.  სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება C-17 სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტს. ვიზიტის მიზანი საჯაროდ არ არის ცნობილი. CIA-სა და კრემლს შეხვედრის კონკრეტული დეტალები არ დაუდასტურებიათ. FlightRadar24-ის მონაცემებით, ის რიგის აეროპორტიდან GMT-ის 05:50 საათზე გაემგზავრა და, როგორც ჩანს, რუსეთის დედაქალაქში დაახლოებით GMT-ის 07:04 საათზე დაეშვა.  უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ვიზიტის დაწყებამდე აშშ-მ უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრებოდა და კიევს სთხოვა, შეტევები შეეჩერებინა მათ წასვლამდე. „ამერიკელები, როგორც წესი, ასეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირს მოსკოვში მოულოდნელად და მოკლე ვადაში არ აგზავნიან, თუ რამე არ მოხდა,“ - განაცხადა ჯონ ფორმანმა, რომელიც 2019-დან 2022 წლამდე მოსკოვში ბრიტანეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა. ფორმანის თქმით, ვიზიტი შესაძლოა, ასევე ეხებოდეს რუსეთში ამჟამად დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას. განახლება: CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. “ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო… არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება,” - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, აშშ “დაუღალავად მუშაობს” უკრაინაში ომის დასასრულებლად დარომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან “შესაძლოა, რამე გამოვიდეს”. ცნობისთვის, რეტკლიფმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ამერიკის მოქალაქე ქსენია კარელინას გათავისუფლების მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში უკრაინის მხარდაჭერის ბრალდებით. CIA ასევე მონაწილეობდა რუსეთთან 2024 წელს პატიმრების გაცვლის შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ასევე ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და რუსეთ-ამერიკის მოქალაქე, ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა.  

ზელენსკიმ პუტინს ღია წერილით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მოუწოდა, შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პიდაპირი ფორმით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ. "არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის გზის არჩევის - ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა."  ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ, თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც — რუსეთის ლიდერს კიევში. არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები - ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა. ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს — ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას," - წერს ზელენსკი. ომის დასრულების მოლაპარაკებები  "გავიგეთ, ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება. სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება. ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია მათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება. გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა — მათი, ვისაც გავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. . ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ, პერსონალური არსებობისთვის. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ, ფაქტია რუსეთის ისტორიიდან. „გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი ექნებათ უკრაინელებსა და რუსების მომავალ თაობებს. თუ თქვენ პერსონალურად თქვენს აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის — არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” - ნათქვამია ზელენსკის წერილში. უკრაინის პრეზიდენტი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი. "რასაც უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი — ომი — რეალური მიზეზის გარეშე," — წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. მისი თქმით, რუსეთის ხალხს "არ მოსწონს ჩვენი დრონები და რაკეტები", "არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა", ასევე, "არ მოსწონს, რომ პუტინის ომს ბოლო არ უჩანს." უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. "გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ, უკრაინაში, მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30 ათას მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუსს," - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკი ამავე წერილში წერს, რომ რუსეთის მიერ ომის 2027-28 წლებამდე გაჭიანურების გეგმების შესახებ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. „ჩვენ ასევე ვიცით, რომ იმედოვნებთ, ბალისტიკური იარაღი შეძლებს იმას, რაც სხვამ ვერ შეძლო. გსურთ, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოთ ომში და ახლა ჩვენც იძულებული ვართ, ამისთვის მოვემზადოთ. ვხედავთ, რომ რაღაც თამაშს თამაშობთ დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. თქვენი პროპაგანდისტები ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ყველა მეზობელს ემუქრებიან. მართლა გსურთ ამ ყველაფრის გავლა? არჩევანი ახლა თქვენზეა. საკმარისია ომი. უკრაინას ამ ომის დასრულების შეთავაზება აქვს. ეს უნდა გავაკეთოთ გულწრფელად, ღირსეულად და უზრუნველვყოთ, რომ ახალი ომი არ დაიწყება.“  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ხაზის ოფიციალური გახსნის ცერემონია საქართველოში, ახალქალაქის რკინიგზისა და ლოგისტიკის კომპლექსში გაიმართა. ღონისძიებას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ოფიციალური პირები, ასევე, რკინიგზისა და პორტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სტრატეგიული სატრანსპორტო პროექტია, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციის შემდეგ, ხაზის წლიური ტვირთამწეობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, რკინიგზის სრულმასშტაბიანი ამოქმედება გააძლიერებს შუა დერეფნის გამტარუნარიანობას, გაზრდის ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების ნაკადებს და გააძლიერებს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ცენტრის როლს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარშრუტის სრულად ამოქმედებით, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მისი შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. „მოხარული ვარ, რომ დღეს ვმონაწილეობ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. ეს ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კმ-ს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კმ ლიანდაგს და აშენდა 27 კმ სიგრძის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ მნიშვნელობას. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე შეფასებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ, რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას — მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. „ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. მისივე შეფასებით, დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა.  

რა საკითხები განიხილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში ვიზიტისას

7 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი საქართველოში ერევნიდან ჩამოვიდა. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, თვის ბოლოს აშშ-დან კვლავ ელიან დელეგაციას, რომლის დროსაც, უფრო დეტალურად იქნება განხილული თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.“  მთავრობის ადმინისტრაციაში, სონატა კოლტერთან გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ონფორმაციაში. მისივე ცნობით, შეხვედრისას „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა.“ „შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე,“ – განაცხადა ბოჭორიშვილმა.  „ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან,“ – აღნიშნა მინისტრმა. მოგვიანებით, 8 მაისს, ბოჭორიშვილმა კოლტერთან შეხვედრა საგარეო უწყებაში გამართა. „შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრა ოპოზიციასთან 8 მაისს, კოლტერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა შორის იყვნენ “ოპოზიციის ალიანსის” ლიდერები, ასევე, კოალიცია „ლელო/ძლიერი საქართველოს“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-სთან ურთიერთობები.” „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ კოლტერს გადასცა „ძალიან მკაფიო გზავნილი“, რომ „ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით.” თავის მხივ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლიასტრატეგიულ პარტნიორებთან სწორი და მწყობრი ხედვის მიტანა, თუ რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა.” კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ მედიას განუცხადა, რომ ამერიკელ ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. “ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობებს, რომელთაც ვხედავთ შეერთებული შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში.“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა კი განაცხადა: „კანონის უზენაესობის გარეშე არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც შეუძლებელია სტაბილურობაზე ვისაუბროთ. ის რომ სტაბილურობა აუცილებელია, ეს არის საქართველოს და აშშ-ის თანმხვედრი ინტერესები.” 6 მაისს, სონატა კოლტერი სომხეთში იმყოფებოდა. ერევანში ის შეხვდა პრემიერ-მინისტრის უფროს მრჩეველს ლილიტ მაკუნცს; სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს. „ორივე მხარემ კმაყოფილებით გავუსვით ხაზი ვაშინგტონის შეთანხმებებს და აღვნიშნეთ მათ ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის ხელშესახები შედეგები,“ - დაწერა გრიგორიანმა X-ზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტზე. „გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე,“ - აღნიშნა  გრიგორიანმა. კოულტერთან შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა ლილიტ მაკუნცმა და განაცხადა, რომ მასთან განიხილა „აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობების გაფართოების საკითხები.“ 6 მაისს სონატა კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში ვასილის მარაგოსს. ისაუბრეს კვირის დასაწყისში ერევანში გამართულ მაღალი რანგის ევროპულ სამიტზე, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობასა და ევროკავშირის მიერ სომხეთის „მდგრადობის, რეფორმებისა და დაკავშირებადობის მხარდაჭერაზე.“ „როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს“ - სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ვიზიტი  

კევინ ჰამილტონი თბილისში: ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი 7-8 მაისს, თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმყოფებოდა საოკუპაცი ხაზთან. სტუმრობდა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC).  ჰამილტონმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ეს ხორციელდება ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა, ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) და NATO-ს სამხედრო კომიტეტის სამუშაო გეგმა საქართველოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები კვლავაც წაახალისებენ საქართველოს, შეინარჩუნოს და გააღრმაოს რეფორმები, მათ შორის, დემოკრატიული მმართველობა, რაც არსებითი დარჩება ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. მან ასევე განიხილა ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონული უსაფრთხოების განვითარების საკითხი. როგორც ჰამილტონმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან შეხვედრაზე განიხილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე  — უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი.“ ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, თბილისში კონსტრუქციული და დეტალური განხილვა ჰქონდა.“  „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, NATO-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - წერია თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვიზიტს, ჰამილტონის თქმით, NATO ყოველთვის მხარს დაუჭერს ერთიან, თავისუფალ საქართველოს — საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან, ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა: ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად NATO-ს ალიანსის მიერ. ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ, ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც “გადაიღვრება.” ცხადია, როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც NATO-ს პარტნიორისთვის, საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები დასჭირდება. „პრაქტიკული გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენი ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-ს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში. მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმასაც ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრიანების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ჰამილტონმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ბუქარესტის სამიტის დაპირება [რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი] ისევ ისეთი შეუქცევადია? ჰამილტონის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს „ღია კარის“ პოლიტიკას:  „ეს NATO-ს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა, დიახ - ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა NATO-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს. საქართველო, მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, NATO-სთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა.“  [რედ] ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი: „მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში, რათა შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ასეთი მოწვეული ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება მაშინ, როცა თავისი გაწევრიანების ოფიციალურ დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს. შეერთებული შტატების მთავრობა თითოეულ მხარეს აცნობებს ასეთი გაწევრიანების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.“ ვიზიტის დროს, ელჩი ჰამილტონი ასევე შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.  

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება შედგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა. 11 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებულ კრებაზე, რომელსაც საერთო ჯამში 1200 დელეგატი ესწრებოდა ჩვენი ეკლესიის ყველა ეპარქიიდან, წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 22 ხმით აირჩია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი. ასევე, პატრიარქის აღსაყდრების ძირითადი ნაწილის ბოლოს, ახალარჩეულ პატრიარქ შიო III-ს დაადგეს უძველესი საპატრიარქო მიტრა. სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ინტრონიზაცია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.