თეგი: "გახარია საქართველოსთვის"
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი თანამდებობიდან გადააყენეს
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. როგორც IPN წერს, პროცესის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომადა დარბაზი, პროტესტის ნიშნად „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა დატოვეს, შესაბამისად, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. „რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი. გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია „ქართული ოცნება“ აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც. ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი,“ - ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაურია. „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, რომ “რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მათი პარტიის დეპუტატის გადაყენება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია.“ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბანერი - „ქოცებო, თქვე ნაცებო“ არის დღევანდელი სიტუაციის ძალიან კარგი ამსახველი ფრაზა,“ - განაცხადა ბუჩუკურმა IPN-ის ცნობით. თავის მხრივ, რუსთავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯუბა მგელაძემ განაცხადა, რომ მათი პარტია “რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ მონაწილეობს, რადგან თანამდებობების გადანაწილება არ არის პრიორიტეტული, როგორც ეს ივანიშვილის და გახარიას პარტიებისთვისაა.“ „რუსული კანონის პარალელურად კი, რაც დღეს რუსთავის საკრებულოში ხდებოდა, არის სრულიად ამაზრზენი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და არა რუსეთის ნაწილი,“ განაცხადა ჯუბა მგელაძემ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს მიმართეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გამოუცხადა. რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, ახალ თავმჯდომარეს დღესვე აირჩევენ. ასევე, განიხილავენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების და ახალი მოადგილეების არჩევის საკითხებს.