თეგი: "ვიონი საქართველო"
"ბილაინის" 100%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს
კომპანია „ბილაინს“, იმავე "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ქართველი ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ 5 მაისის სხდომაზე მიიჩნია, რომ: „ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან“. შეგახესენებთ, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ამჟამად „ვიონი საქართველოს“ ორი მფლობელი ჰყავს. კერძოდ: წილების 71% ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ Watertrail Industries-ს; წილების 29% ეკუთვნის იქვე რეგისტრირებულ Investico Alliance-ს. ამავე დროს, „ვიონი ჯგუფის“ აქციათა 47.9%-ს ფლობს კომპანია LetterOne, რომელიც ეკუთვნის რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებშია მოყოლილი (აქციების 43.8% საფონდო ბირჟაზე თავისუფალ ვაჭრობაშია). ცნობისთვის, „ვიონი“ 2007 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე „მობიტელის“ სახელით და ფიჭური კომპანია „ბილაინის“ ბრენდით დაიწყო მუშაობა. „მობიტელი“ ეკუთვნოდა რუსულ „ვიმპელკომ ჯგუფს“, რომელსაც 2017 წლის რებრენდინგის შედეგად „ვიონი“ ეწოდა. სანქცირებული რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი, რომელიც „ვიონი ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელია, საქართველოში ასევე ფლობს კომპანია „ბორჯომს“, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარმოება შეაჩერა.