თეგი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
1-ელი იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პოლიტიკური შემოწირულებების სტატისკიკას აქვეყნებს და განმარტავს, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში, 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით. „საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა — მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს. 2023 წლის 28 თებერვალს ორმა ბათუმელმა ბიზნესმენმა რომან გუნდაძემ და ზაურ სალვარიძემ ჯამში 80 000 შეწირეს მმართველ პარტიას. ორივე პირი არაერთი კომპანიის მეწილეა. გუნდაძის 100%-იან საკუთრებაში არსებულმა შპს BS METAL GROUP 1.2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერების გამარჯვებულია და 350 000 ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული. სალვარიძეს 2021 წელს 60 000 ლარი ჰქონდა მმართველი პარტიისთვის შეწირული, ხოლო გუნდაძეს 2020 და 2021 წლებში ჯამში 20 000 ლარი, მანამდე კი, 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება“ სასარგებლოდ 10 000 ლარი ჰქონდა გაღებული. 2023 წლის პირველ მარტს ბათუმელმა ბიზნესმენებმა რამაზ ბერიძემ, დავით ნაგერვაძემ (რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე), ნუკრი დოლიძემ და გიორგი ქიძინიძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 180 000 ლარი შეწირეს. მათგან ყველაზე საინტერესო ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი ნუკრი დოლიძეა, რომელზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც არაერთხელ წერდა. ნუკრი დოლიძემ 1 მარტს მმართველ პარტიას 50 000 ლარი შეწირა, მას 2021 წელს უკვე აქვს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 60 000 ლარი გაღებული, ხოლო 2012 წელს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულ ორგანიზაციას „საქართველო არ იყიდება“ 10 000 ლარი შეწირა. მისი კომპანიები „ბონდი-2009” და „მონოლითი-2005” აჭარაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი ძირითადი განმახორციელებლები არიან და ჯამში 230 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერებში არიან გამარჯვებული, მათ შორის 45 მილიონამდე ღირებულების კონტრაქტები 2023 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში აქვს მიღებული. ნუკრი დოლიძის შვილი, ლევან დოლიძე 2019-2020 წლებში ინფრასტრუქტურის საკითხებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა, 2021 წლის განმავლობაში მუნიციპალური საცხენოსნო კლუბის დირექტორად, ხოლო 2022 წლიდან ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა. 2021 წელს ლევან დოლიძეს მმართველი პარტიისთვის 5000 ლარი აქვს შეწირული. დოლიძეების კომპანიებს უპირობო აუქციონებისა და ბათუმის მუნიციპალიტეტთან დადებული ნასყიდობის კონტრაქტების საფუძველზე ათასობით კვადრატული მეტრი უძრავი ქონება აქვთ სახელმწიფოსგან მიღებული. გარდა ამისა, ნუკრი დოლიძის ძმა, მერაბ დოლიძე, რესტორან „აჭარული სახლის“ მესაკუთრეა, რომელსაც გამარტივებული შესყიდვებით 300 000 ლარზე მეტი ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები აქვს მიღებული. 10 000 ლარი შეწირა „ქართულ ოცნებას“ თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. ეს თამაზაშვილის მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული მე-14 შემოწირულება იყო, ჯამში მას 78 000 ლარზე მეტი აქვს პარტიისთვის შეწირული“,-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 21 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, წარსულში კი, მათ სულ 2 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვები აქვთ მიღებული.