თეგი: "ხალხის ძალა"
„ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი მორიგ განცხადებას ავრცელებს
კელი დეგნანის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან, - საქართველოს პარლამენტის წევრები, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. მათივე ცნობით, აშშ-ის საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას. „საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა, დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა. ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ეს არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული. ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი – ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე. რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი. ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ISFED-ის ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია. ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის. სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, ISFED-ის მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს. რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე PVT-ის, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც ISFED-ის მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და PVT-ის შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და PVT-ის მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან PVT. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და PVT-ის ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, PVT იყო გაყალბებული. რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ISFED-ის მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა PVT-ის ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, PVT-ის თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც ISFED-ის ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. ISFED-ის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს PVT-ის ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა PVT-ის სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია – ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია. ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის. როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, PVT-ის გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს PVT-ის გაყალბება იყო. თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ჯინ შაჰინი, სამანტა პაუერი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკას სტანდარტებით აფასებენ - „ხალხის ძალა“
სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუერი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკას სტანდარტებით აფასებენ, მათთვის მოსაწონი მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებს, - ამის შესახებ „ხალის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კახა კალაძე ჯინ შაჰინის მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებაზე: სამი კაცი იყო დარბაზში, დავთალე როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯინ შაჰინი ქართულ დემოკრატიაზე გულწრფელად რომ ზრუნავდეს, მას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდა. „დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესუსტდა, ნაკლებად აქტიურობდნენ როგორც ოდიოზური დასავლელი პოლიტიკოსები, ისე მედიასაშუალებები. თუმცა, როგორც მოსალოდნელიც იყო, სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენებითი და მოკლევადიანი აღმოჩნდა. გასული კვირის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა IRI-ის გაყალბებული კვლევები და სენატორ შაჰინისა და USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის აგრესიული განცხადებები. როგორც კვლევის გაყალბება, ისე ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს - ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნონ და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს „ნაცმოძრაობის“ აგენტოკრატია თავს მოახვიონ. მაღალჩინოსნებმა კარგად იციან, რომ საქართველოს 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით, დემოკრატიის სფეროში ფუნდამენტური წინსვლა აქვს. სენატორ შაჰინს გვინდა შევახსენოთ, რომ სწორედ მისი ფავორიტი რეჟიმის დამარცხება დასჭირდა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ საქართველოში ავტოკრატია, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, სასამართლოს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ტოტალური პოლიტიზება და უამრავი სხვა სისტემური დანაშაული დაესრულებინა. ჯინ შაჰინი ქართულ დემოკრატიაზე გულწრფელად რომ ზრუნავდეს, მას საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ექნებოდა. თუმცა, არის რაღაც, რაც მას ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუერი და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკას სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. მათთვის მოსაწონი მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებს. როდესაც „უფროსი ძმა“ საქართველოსგან ერთადერთ რამეს, უკრაინის ბედის გაზიარებას ითხოვს და ამ დავალებას ქვეყნის ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს, ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მისი კეთილგანწყობის მოპოვება შეუძლებელია. სენატორ შაჰინს გვინდა მოვუწოდოთ, საბჭოთა ცეკას მიდგომები გვერდზე გადადოს და საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ აღიაროს. მას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრიტიკული როლი არა ამერიკამ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა შეასრულოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება. 2024 წლის შემდეგაც, საქართველოს ბედს არა უსამშობლო ნაციონალების აგენტოკრატია, არამედ დემოკრატიულად არჩეული და პატრიოტული ხელისუფლება წარმართავს“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინიმ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ".