თეგი: აგრესია
ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს
თეთრი სახლის პრესსამსახურმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა, მოსკოვის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის საკითხი შეაფასა. „აშშ რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსიის თაღლითურ მცდელობას გმობს. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონს, არღვევს გაეროს წესდებას და ავლენს ზიზღს მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხის მიმართ", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში „არ დაუშვათ შეცდომა, ეს ქმედებები არალეგიტიმურია“, - თქვა პრეზიდენტმა. ბაიდენმა ასევე პირობა დადო, რომ აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. „ანექსიის შესახებ რუსეთის ცრუ განცხადებების საპასუხოდ, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან მიმართონ ახალ სანქციებს, - ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უზრუნველყოფას იმ საშუალებებით, რაც თავის დასაცავად სჭირდება. მოუთმენლად ველი კონგრესის ხელმოწერას კანონმდებლობაზე, რომელიც დამატებით $12 მილიარდს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო ანექსიის მცდელობებზე და მხარი დაუჭირონ უკრაინის ხალხს რამდენიც დასჭირდება“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას, სულ მცირე 8000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად უკრაინაში, თითქმის 8 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 000-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, სისხლის სამართლის საქმეების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. დაღუპულთა შორის, მისი თქმით, 430 ბავშვია. კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური, დადასტურებული მონაცემებია, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო მასალებშია. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეუძლებლობისა და სრული სურათის არარსებობის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა და ხდება იქ, მაგალითად, მარიუპოლში, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენად საშინელია ეს მაჩვენებელი“, - თქვა კოსტინმა Interfax-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებების შედეგად 51 000-ზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა და დაზიანდა, მათგან 40 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობაა. „300-ზე მეტი საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად განადგურდა, ასევე დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა 400-მდე სამედიცინო დაწესებულება“, - თქვა კოსტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.