თეგი: აგრესიული ძაღლები

საქართველოში შესაძლოა, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს

მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება. „მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიდბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა. თუ აიკრძალება პიდბულის ჯიშის, ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსნებთ, რომ ბოლო პერიოდში ადამიანზე ძაღლის კბენის ფაქტები გახშირდა. მაგალითად, ერთი თვის წინ, თბილისში, ვარკეთილში პიტბულის ჯიშის ძაღლმა 3 ადამიანი დაგლიჯა. 17 ოქტომბერს, მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა.