თეგი: ავტომობილების იმპორტი

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი პირველი იანვრიდან შეიზღუდება

ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. „პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინიც და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა. მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, - განაცხადა პრემიერმა.  

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა

მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით, საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. „2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ორ მილიონს. ვხედავთ, რა მასშტაბის ზრდაზეა საუბარი. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და, მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს მომზადებული კანონპროექტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. განახლება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის შესახებ ელექტრომობილებზე არ გავრცელდება. აკრძალვა აგრეთვე არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის პირველ აპრილამდე ან რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის პირველ აპრილამდე. გარდა ამისა, ხსნებული აკრძალვა არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.  

აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება გაძვირდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღარ აიკრძალება ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა. ნაცვლად ამისა, დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება ახალი ტარიფით ძალაში პირველი აპრილიდან შევა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა