თეგი: აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი

რუმინეთში AGRI-ის პროექტის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ

რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის, რათა ხელი შეეწყოს თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას. „ინიციატივა რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ მიხაი დარაბანსა და რუმინეთში თურქმენეთის ელჩ ანამამეტ ანნაევს შორის გამართულ შეხვედრაზე გახმოვანდა,“ - ნათქვამია რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIR) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პალატის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სექტორსა და კონსტანცისა და თურქმენბაშის პორტებს შორის პორტებს შორის თანამშრომლობაზე. დარაბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინადადება AGRI-ს პროექტის განახლების შესახებ, რომელიც ევროპის ბაზრებისთვის კასპიის რეგიონიდან ბუნებრივ გაზზე წვდომას უზრუნველყოფს. „აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, ხოლო შემდგომ BRUA-ს გაზსადენთან დაკავშირების შემთხვევაში, კონსტანცის პორტი შეიძლება, ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის შესვლის წერტილი გახდეს,“ — განაცხადა დარაბანმა. შეგახსენებთ, AGRI (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის ინტერკონექტორი) წლების განმავლობაში განხილვადი პროექტია, რომლის მიზანიც კასპიის ზღვის რეგიონის ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებაა. პროექტის მიხედვით, გაზი საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე უნდა მიეწოდოს, იქ გათხევადდეს, შემდეგ ტანკერებით რუმინეთის კონსტანცის პორტში გადაიტანონ და ევროპელ მომხმარებლებს მიეწოდოს. მიწოდებული მოცულობების ევროპულ ბაზრებზე განაწილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად BRUA-ს გაზის დერეფანი (ბულგარეთი–რუმინეთი–უნგრეთი–ავსტრია) განიხილება, რომელიც რუმინეთის სატრანსპორტო სისტემას ცენტრალური ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. პროექტი ევროპის გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ამ ფონზე, ბოლო თვეებში თურქმენეთმა ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობა გაააქტიურა. აპრილში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა განაცხადა, რომ აშხაბადის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული პრიორიტეტი ევროპული ბაზრებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაა. „15-20 წლის წინ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან და ბევრი რამ გავაკეთეთ თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების არაერთი იდეის პრაქტიკულად განსახორციელებლად,“ — განაცხადა მერედოვმა. ამასთან, გაზეთ „Türkmen Dünýäsi“-ს მთავარმა რედაქტორმა ბატირ მურადოვმა Trend-ს განუცხადა, რომ თურქმენეთი აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.