თეგი: აზერბიჯანი
აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი
თურქეთი ნაბიჯებს დგამს, რათა ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. აზერბაიჯანული გაზი ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ATV არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი გაზი, რომელსაც TANAP-ი უზრუნველყოფს. „ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავხდეთ ენერგეტიკული ჰაბი. საჭიროა წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია. ეს არ არის ერთი წყარო და ერთი მარშრუტი, ჩვენ ის უნდა მივაწოდოთ გარკვეულ რეგიონებს. გვაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან. ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს“, - განაცხადა ერდოღანმა.
ალიევი: აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში შევიდა
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ კაია კალსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ ითქვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა „ევროპის პოლიტიკური კავშირის“ მე-8 სამიტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერევანში ვიდეოკავშირის ფორმატში გაიმართა, ისტორიულ მოვლენად შეფასდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს დადებითად შეფასდა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ განაღმვის სფეროში და აღინიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება კარგ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში კავშირების თვალსაზრისით. თავის მხრივ, კაია კალასმა ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ერთობლივი განცხადების მიღების მნიშვნელობაზე და ამ დოკუმენტში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.