თეგი: ალან პერსელი
რა საკითხები განიხილა ალან პერსელმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ - სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით. ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს. ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემ. კერძოდ, ამერიკის საელჩოს ცნობით, „ოთხშაბათს, [27 აგვისტოს, რედ.] ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა.“
ვინ შეასრულებს აშშ-ის ელჩის მოვალეობას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი). მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა). აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა.