თეგი: ალექსანდერ იანე
ვენესუელური მხარის თხოვნით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კარაკასის წარმომადგენელს შეხვდა - საგარეო
19 იანვარს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის რანგში, შეხვედრა გამართა ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ალექსანდერ იანეს დელეუსთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინიციატორი ვენესუელის მხარე იყო. „ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვა იმედი, რომ მათი შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვასა და გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად,“ - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 10 სექტემბერს ვენესუალამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა. შეგახსენებთ, 2026 წლის 3 იანვარს ამერიკამ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარა და ნიკოლას მადურო დააკავა.