თეგი: ალექსანდრე ვუჩიჩი
ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა, არჩევნები 17 დეკემბერს დანიშნა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი საყოველთაო არჩევნები, რამდენიმე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, 17 დეკემბერს დაინიშნა. „ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გლობალური გამოწვევების დროს, როცა აუცილებელია ყველა გაერთიანდეს ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად," - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, კამპანია არის შესაძლებლობა, ცივილიზებული ფორმით წარმოადგინონ სხვადასხვა იდეა, პროგრამა, პოლიტიკა, რომლებიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან, მაგრამ არასოდეს შეუქმნის საფრთხეს უმნიშვნელოვანესს, სახელმწიფოს, ხალხისა და ეროვნულ ინტერესებს. სერბეთის პრეზიდენტს 250-ადგილიანი ეროვნული ასამბლეის არჩევნების გამოსაცხადებლად დრო 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ადგილობრივი არჩევნები დედაქალაქ ბელგრადთან ერთად, 60-მდე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. მაისში მომხდარი მასიური სროლის შემდეგ, რასაც პროტესტი და პრეზიდენტისა და სხვა ლიდერების გადადგომის შესახებ მოწოდება მოჰყვა, ვუჩიჩი მზარდ ზეწოლას განიცდიდა.