თეგი: ალექსანდრ სუბოტინი

მედია: რუსი მილიარდერი, ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან სეანსის დროს გარდაიცვალა

მედიის ცნობით, კომპანია „ლუკოილის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კერძოდ, ბიზნესმენი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა. ტრაგედია მოსკოვთან ახლოს მიტიშახის რაიონში, ადგილობრივი შამანის მაგუას სახლში მოხდა. შამანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ. მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით.კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს. აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, არც იწვევს გულისრევას და პაციენტი შვებას გრძნობს. მედიის ცნობით, რუსი მილიარდერი, ალექსანდრ სუბოტინი შამანებთან ხშირად დადიოდა და მათი არატრადიციული მომსახურებით სარგებლობდა. ამჯერად ის ნაბახუსევი იყო და შამანს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად დახმარება სთხოვა. სეანსის დროს სუბოტინი ცუდად გახდა. შამანმა სასწრაფო დახმარებას არ მიმართა. პაციენტს გულის წვეთები დაალევინა და დასაძინებლად სარდაფში ჩაიყვანა. ბიზნესმენი მალევე გარდაიცვალა. რის შემდეგაც შამანებმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს. ამ საქმეს სამართალდამცველები უკვე იძიებენ. ალექსანდრ სუბოტინი წარსულში „ლუკოილის“ სავაჭრო სახლის სააქციო საზოგადოების მმართველად მუშაობდა. შემდეგ კი ტოპ-მენეჯერი „ახალი სატრანსპორტო კომპანიის“ მმართველი გახდა.