თეგი: ალი ხამენეი

The Guardian: ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს. როგორც გამოცემა წერს, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არჩევანს წარმოადგენს. მანამდე, ირანულმა გამოცემა Iran International-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეამ მოჯტაბა უზენაეს ლიდერად უკვე აირჩია, თუმცა ირანის სახელმწიფო მედიას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევნები შესაძლოა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ ჩატარდეს. ახალ უზენაეს ლიდერს ირანის ექსპერტთა ასამბლეა ექვსი პოტენციური კანდიდატიდან ირჩევს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის მიერ აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ლიკვიდაციის სამიზნე იქნება. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრე ლიკვიდაციის ცალსახა სამიზნე იქნება. ისრაელ კაცის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა არის მისი სახელი ან სად იმალება.