თეგი: ალჟირის ქართველი მმართველი
ვინ იყო ალჟირის ქართველი მმართველი, რომელთანაც ჯორჯ ვაშინგტონს მიმოწერა ჰქონდა და აშშ-ს და ალჟირს შორის პირველი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა
ევროპულ, ამერიკულ, ოსმალურ და არაბულ წყაროებში, არაერთი ცნობა მოიპოვება ტყვედ გაყიდული ქართველების შესახებ, რომლებმაც თავის გამოსყიდვა და წარმატებული კარიერის აწყობა მოახერხეს, ზოგიერთი მათგანი კი, ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფი ისეთი ქვეყნების ლიდერები გახდნენ როგორიც იყო, ეგვიპტე, ალჟირი, ტუნისი და ა.შ. ამერიკულ, ესპანურ და ფრანგულ ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ ბევრი ცნობა მოიპოვება ალჟირის მმართველზე, ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავზე. ჰასანი წარმოშობით საქართველოდან, ახალციხიდან იყო, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ კი ტყვეობიდან არაერთი ქართველი გამოისყიდა და გავლენები მიანიჭა. ალჟირის წარმოშობით ქართველ მმართველზე, რომელთანაც ჯორჯ ვაშიგტონს და საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს პირადი მიმოწერა ჰქონდათ, Europetime-მა ისტორიკოს კონსტანტინე ფერაძის მიერ მოკვლეული საინტერესო ისტორიული ცნობები მოიპოვა. ისტორიკოსის მოპოვებული ცნობებით, ამერიკამ პირველად, წარმოშობით ქართველი მმართველის დროს შეძლო ალჟირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იმ დროის ალჟირი მთავარ შემოსავალს მეკობრეობით იღებდა. ამ ქვეყნის მმართველი ავტომატურად ატლანტიკის ოკეანის მეკობრეების ლიდერიც იყო, რომლებიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ამერიკის ხომალდებს ძარცვავდნენ და ანადგურებედნენ. აყვანილი ტყვეების სანაცლოდ კი, კოლოსალურ თანხებს ითხოვდნენ. საზღვაო უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად და საკუთარი ფლოტის დასაცავად, ყველა ქვეყანა ცდილობდა ალჟირთან ზავის დადებას, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. ამერიკელი ისტორიკოსების განმარტებით, იმ დროის აშშ-სთვის, როგორც ახალბედა სახელმწიფოსთვის, საზღვაო უსაფრთხოების გარანტიები სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკელ მოგზაურთა და მეზღვაურთა მემუარებით ირკვევა, რომ ალჟირსა და ახლად დაარსებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობება ემთხვევა ალჟირის ქართველი მმართველის, ჰასან ფაშას, იგივე ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის მმართველობის (1791-1798) პერიოდს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით, ამ დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი მიმოწერა, ჰასანისა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში ჯეიმს ქათქართის პირად არქივშია დაცული. ამერიკელი მკვლევარი ჰენრი ბარნბი თვლის, რომ ქართველ ჰასანს ძალიან მოსწონდა ამერიკელები, რადგან აშშ, ახალბედა სახელმწიფო იყო და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძოდა, ალჟირისთვის კი ეს მისაბაძი და მაგალითის მიმცემი გახლდათ. ალჟირიც ოსმალეთის იმპერიიის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ჰასანის ქართული ფესვები და საქართველოს იმდრონდელი მდგომარეობა. 1830 წლამდე ალჟირშიც ხდებოდა მამლუქის ტიპის სამხედრო პირების აღზევება. მიუხედავად იმისა, რომ მონები ან მამლუქები აქ სტამბულიდან მასობრივად არ შემოჰყავდათ, ქართული წარმომავლობის უმაღლეს ჩინის მოხელეები ალჟირში მაინც ჩნდებიან. „ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავის ქართული წარმომავლობა ცნობილი იყო მისი პერიოდის ფრანგი მოგზაურებისთვისაც. ამავე პერიოდის ალჟირის შესახებ მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებში, რომელთა ნაწილი ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფერაძე. ბრიტანეთის საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ისტორიკოსი ბარნბიც წერს , რომ “სიდი ჰასანი ქართველი იყო”. ახასიათებს, როგორც სხარტი აზროვნების, განათლებულ და გამბედავ ადამიანს. ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი თავიდან ალჟირის სამხედრო ხომალდის მეთაური გახდა. 1770 წელს, შავ ზღვაში ალჟირის გემებს ხელმძღვანელობდა, რუსული ფლოტის წინააღმდეგ . ალჟირის მაშინდელი მმართველი მუჰამმად ბინ ‘უსმან დეი ჰასანს თავის მმეკვიდრედ მიიჩნევდა, ამიტომ ოსმალეთის სულტან აბდულჰამიდ I-თან გააგზავნა. ჰასანმა სულთნისთვის დაწერა ალჟირის და საზღვაო ისტორიისადმი მიძღვნილი ანგარიში სახელწოდებით “Târhçe-y Cezâyr”. ეს დოკუმენტი დღემდე თოფკაფის მუზეუმში ინახება. სტამბულში, სულთნის კარზე, რუსეთის ფლოტთან ომში გამარჯვებულ ჰასანს და მის თანმხლებ დელეგაციას დიდი პატივით შეხვდნენ. ფრანგული წყაროს მიხედვით, ალჟირში დაბრუნებისას, მისი გემი ესპანელებმა ხელში ჩაიგდეს და ჰასანი ტყვედ აიყვანეს. კონსტანტინე ფერაძის ცნობით, ფრანგული წყაროების მიხედვით, ესპანელებმა მასთან, როგორც ალჟირის გავლენიან მოხელესთან და პოტენციურ მომავალ მმართველთან, სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს. ჰასან აფისკავმა ესპანეთის მეფისგან განსაკუთრებული საჩუქარიც კი მიიღო. ალჟირში ამერიკის წარმომადგენლის ჯოელ ბარლოვის მოგონებების თანახმად, ალჟირის ფლოტის ქართველმა მეთაურმა დამატებით ერთი მილიონი ესპანური ფული აიღო, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში, ესპანელთა ინტერესების დასაცავად. კარტაჰენაში ყოფნისას საპატიო ქართველი ტყვე შეხვედრებს მართავდა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და ვაჭრებთან. ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ჯონ მონტგომერი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ჰასანი იყო “განსაკუთრებული შესაძლებლობების პატრონი და ჭკვიანი პოლიტიკოსი”, დადებითად განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ტყვეობიდან მის გამოხსნაში აქტიურად ჩაერთო როგორც ალჟირის მმართველი მუჰამმად დეი, ისე იმდროინდელი ფრანგული საგარეო უწყება. ფრანგი დიპლომატების აზრით, აუცილებელი იყო ჰასანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ალჟირში დაბრუნება, ვინაიდან იგი მმართველი დეის ფავორიტი გახლდათ და ალჟირში ძალაუფლებით მეორე პირის მომავალი სიძე უნდა გამხდარიყო ჰასანის და ესპანელთა საიდუმლო შეთანხმების განხორციელება 1785 წლისთვის მოხერხდა, ალჟირსა და ესპანეთს შორის “100 წლიანი ზავი” გაფორმდა. ესპანეთის ინტერესებში შედიოდა ალჟირელი მეკობრეები თავს დასხმოდნენ სხვა სახელმწიფოების ფლოტს. აღნიშნული ზავის გაფორმებიდან სულ ცოტა ხანში, ალჟირელმა მეკობრეებმა ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროსთან, ამერიკული ხომალდები “დაფინი” და “მარია” დააკავეს . ხომალდები და ოცდაერთი ამერიკელი მეზღვაური ალჟირში ტყვედ წაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი ამერიკელი ტყვე ჯეიმს ქათქართი ჰასანის ქრისტიანი მდივანი გახდა, საზღვაო სამინისტროს უწყებაში. შემდგომში, ხელსაყრელი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა და ამერიკელი მეზღვაურების გამოსყიდვის დროს, ამერიკელებს ეს ნაცნობობა ძალზე გამოადგათ. ამერიკისთვის ძალიან რთული იყო ალჟირთან მოლაპარაკება, რადგან ამ დროისთვის სახელმწიფოს არ გააჩნდა იმ სახის საზღვაო ძალა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ალჟირელთა დაშინება და მოლაპარაკებებში დათმობების მოპოვება. საფრანგეთი და ესპანეთი ეხმარებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატებს ამ მოლაპარაკებების წარმოებისას. მათ მიაღწიეს იმას, რომ ამერიკელი ტყვეების უკიდურესად მძიმე პირობები შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ალჟირის გამგებელი მუჰამმად დეი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო შეემცირებინა ამერიკელების გამოსასყიდად დაწესებული უზარმაზარი თანხა. ამერიკელი დიპლომატები იმედოვნებდნენ, რომ ღრმად მოხუცებულ და ავადმყოფ მუჰამმად დეის, დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი, მისი შემცვლელი წარმოშობით ქართველი ჰასანი კი ამერიკელებისადმი კეთილგანწყობას ინარჩუნებდა, რაც მასთან წარმატებული მოლაპარაკების მეტ იმედს ტოვებდა. სამშობლოში დაბრუნების დიდი იმედი ჰქონდათ დატყვევებულ ამერიკელ მეზღვაურებსაც, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით იხსენებდა: „ჰასანს უზარმაზარი გავლენა აქვს დეიზე და მასზე უკეთ არავის შეუძლია მისი ტახტის დაკავება, ჰასანი მიუთითებს სამხედრო ხომალდებს თუ საით აიღონ გეზი, და იმედი მაქვს, რომ მის ნებისმიერ რჩევას დიდი გავლენა აქვს დეიზე ...ის ყველაზე კეთილგანწყობილია ამერიკელების მიმართ” 1788 წლის მაისში, წარმოშობით ქართველი ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი, სიმამრის ნაცვლად, ალჟირის ე.წ პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. 1791 წლის 11 ივლისს კი, მუჰამმად დეის გარდაცვალების შემდეგ, ალჟირის მთავარი მმართველის თანამდებობა დაიკავა. ისტორიული წყაროების ცნობით, მის გარემოცვაში იმყოფებოდნენ ქართველი მამლუქი, ‘ალი ვაქილ ალ-ხარიჯი და ბერძენი მუჰამმად ხაზინადარი. ესპანელებმა ჰასანს ალჟირის მმართველად არჩევა განსაკუთრებულად მიულოცეს, მათ მთავარი გემთმშენებელი ოსტატი გამოუგზავნეს და სთხოვეს, რომ საზავო ხელშეკრულება, დიდი ხნის წინ არსებული შეთანხმების მიხედვით გაფორმებულიყო. ალჟირის მმართველად ქართველი ჰასანის დანიშვნამ ამერიკელებს დამატებითი იმედები გაუჩინა. კონსტატინე ფერაძის ცნობით, ამაზე მეტყველებს ამერიკელი დიპლომატის წერილი აშშ სახელმწიფო მდივანთან თომას ჯეფერსონთან. დიპლომატი იმედოვნებდა, რომ აშშ ამჯერად უფრო იოლად შესძლებდა ალჟირის მმართველთან მოლაპარაკებას და რომ მისი ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის გამო არ დაივიწყებდა ამერიკელების მიმართ არსებულ მეგობრულ განწყობას. „ჰასანი კი აგრძელებდა ალჟირში დამკვიდრებულ ტრადიციას რომლის თანახმადაც დეი, ანუ მმართველი უპირველესად ალჟირში მყოფი თურქი ჯარისკაცების, მეკობრეების და ზოგადად სამხედო კლასის მეთაური იყო და მათი კეთილდღეობაზე და კმაყოფილებაზე ზრუნვა მისი მთავარ მოვალეობას წარმოადგენდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამერიკელებისადმი მიუხედავად მისი პირადი კეთილგანწყობისა, ჰასანი ვალდებული იყო ანგარიში გაეწია საკუთარი ქვეშევრდომების ინტერესებისათვის. მე-16 საუკუნიდან ალჟირი ხმელთაშუა ზღვის მეკობრეთა ცენტრად მიიჩნეოდა. მეკობრეობით შემოსული თანხები სრულად ხმარდებოდა მმართველ კლასს და აქ განლაგებულ ოსმალურ გარნიზონს. ალჟირელები იტაცებდნენ ათეულობით ქვეყნის ხომალდებს და უზარმაზარ გამოსასყიდს ითხოვდნენ. 1575-1580 წლებში, მიგელ დე სერვანტესმაც კი ხუთი წელი გაატარა ალჟირელების ტყვეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველად დანიშვნის პირველ წლებში ჰასანმა ხელი ვერ შეუშალა ალჟირელი მეკობრეების მიერ ატლანტიკის ოკეანეში ამერიკულ ხომალდებზე ნადირობას, თუმცა საბოლოოდ აშშ-თან პირველად ალჟირის ისტორიაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და შეთანხმება მაინც შეძლო. ჰასან დეი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს წერდა, რომ იგი მიესალმება მოლაპარაკებებს და უახლოეს პერიოდში ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას საჭიროდ მიიჩნევს.ამერიკასა და ალჟირს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ 1795 წლის 5 სექტემბერს გაფორმდა. წარმოშობით ქართველი ჰასან დეი ამერიკელებს ასევე დაეხმარა სამშვიდობო ხელშეკრულებები გაეფორმებინათ ტუნისთან და ტრიპოლთან. ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულ ხომალდებს ალჟირელი, ტუნისელი და ტრიპოლელი მეკობრეები თავს აღარ დაესხმებოდნენ, რაც ახალბედა ამერიკული სახელმწიფოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ბევრს ნიშნავდა. „ამერიკელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ ჰასანის მიერ გაცემულ საბუთებს ჩრდილოეთ აფრიკელები ისე უყურებდნენ როგორც “სიწმინდეს” - აღნიშნავს ისტორიკოსი კონსტანტინე ფერაძე. ქართველ ჰასან დეის ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა ესპანეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ასევე იტალიური, გერმანული და სკანდინავიური სახელმწიფოების მონარქებთან და უმაღლეს პირებთანაც. წარმოშობით ქართველი ჰასან იბნ იუსუფ აჰისკავი 1798 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. მისი დაბადების ადგილზე და ტყვედ ჩავარდნის ისტორიაზე ცნობები შემონახული არ არის. არსებობდა მოსაზრება რომ ის ახალციხიდან იყო, მესხეთიდან, რომელსაც იმ პერიოდში ოსმალეთი აკონტროლებდა.