თეგი: ანდრია პირველწოდებული

მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 10:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინება საზეიმო წირვა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა. ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.