თეგი: ანდრი სიბიჰა
აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს
აზერბაიჯანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბაქო რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავის გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. როგორც ბაირამოვმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზ განაცხადა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უკრაინის ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი, ქვეყანაში აქტიურად ოპერირებდა და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების ფართო გეგმები ჰქონდა. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისთვის აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის სტრატეგიულ როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად ბუნებრივ გაზს 12 ევროპულ ქვეყანას აწვდის, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს. ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას გაზი მიაწოდოს. ბაირამოვმა განმარტა, რომ უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების შესაძლო გამოყენება შეიძლება, ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პერსპექტიული სფერო გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხს მომავალში თანამშრომლობის უაღრესად პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს. თავის მხრივ, სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ენერგომომარაგების დივერსიფიკაციით და კიევმა აზერბაიჯანული მხარისთვის წინადადებების პაკეტიც მოამზადა. სიბიჰამ განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული განზომილება აქვს, როგორც მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ბიზნესები დიდი ხანია, აქტიურად არიან წარმოდგენილნი უკრაინაში და რომ კიევი აზერბაიჯანული ინვესტიციების შემდგომ გაფართოებას მიესალმება. სიბიჰამ დასძინა, რომ უკრაინამ მოამზადა წინადადებების პაკეტი თავისი აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის და დაინტერესებულია ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გზით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს უწოდა ძლიერი და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და რომ ბაქოს ხმას ომის დასრულების მცდელობებში მნიშვნელოვანი წონა აქვს. უკრაინულმა მხარემ აზერბაიჯანს მიაწოდა ინფორმაცია კიევის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და მშვიდობის ხელშეწყობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ბაქოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი. სიბიჰამ ასევე „მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს რუსეთ-უკრაინის ომის პირველი დღეებიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერა მოიცავდა ირპინში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ენერგეტიკული ობიექტების აღჭურვას და დახმარების სხვა ფორმებს.“ სიბიჰას შეფასებით, აზერბაიჯანის როლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას. სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიმართული ფართო ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, მინისტრებმა ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის შუა დერეფნის პერსპექტივები განიხილეს. სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და რომ ეს სავაჭრო მარშრუტები ასევე დაკავშირებულია ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობასთან. მინისტრების მიერ განხილული საკითხები მოიცავდა: რეგიონულ უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში; ასევე, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ორივე მხარემ ასევე განიხილა სატრანსპორტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია, კიევი დაინტერესებულია, რომ ორმხრივი ვაჭრობის დონე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემს დაუბრუნდეს.