თეგი: ანნა ლენა ბერბოკი
ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მხარს „ფასდაკლების“ გარეშე დაუჭერს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ იგი მომხრეა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების, მაგრამ „ფასდაკლებების“ გარეშე, როგორიცაა გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა, იუწყება Reuters. „ახლა ჩვენ არ შეგვიძლია კარი მივაჯახუნოთ უკრაინას. საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ „შენ ევროპის ნაწილი ხარ“, უნდა ვუთხრათ „შენ ევროკავშირის ნაწილი ხარ“, - თქვა ბერბოკმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ იქნება სწრაფი, თუმცა დასძინა, რომ ეს პროცესი არ უნდა გართულდეს. „ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ისტორიული მომენტი”, - თქვა ბერბოკმა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე დე ფაქტო გახდა ევროკავშირის ნაწილი. მისი თქმით, უკრაინა და ევროკავშირი თანამშრომლობენ იმ მასშტაბით, რომელიც შეესაბამება სრულ წევრობას. უფრო ადრე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება უკრაინას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.