თეგი: არარატ მირზონიანი
„უცხოური ჩარევის მცდელობები სუვერენიტეტის შესუსტების მიზნით“ - რაზე ისაუბრა სომეხმა დიპლომატმა ბრიუსელში
ბრიუსელში, ევროკავშირის (EU) ინიციატივით გამართული „რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირების“ საკითხებზე მინისტერიალის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა სიტყვით გამოსვლა გამართა დისკუსიაზე, რომელიც „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვალდებულებების ხელშეწყობას“ ეხებოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში მირზოიანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში დამყარებული მშვიდობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთკავშირების ხელშეწყობის ფართო კონტექსტში; მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა ამ მიმართულებით. მინისტრმა ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაზე, რაც 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგი იყო, მან ასევე ყურადღება გაამახვულა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებებსა და იმ ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც უკვე ყალიბდება და რაც უკვე დამყარებული მშვიდობის პირდაპირი შედეგია. საუბარი ასევე შეეხო სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების სრულად ნორმალიზებისა და საზღვრის გახსნის მიზნით მიმდინარე აქტიურ დიალოგს. უსაფრთხოების სხვა ასპექტებზე საუბრისას მირზოიანმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის — უცხოური მხარის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევის მცდელობებზე, რომლებიც მიმართულია სუვერენიტეტის შესუსტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შერყევისკენ. ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად ხაზი გაესვა თანამოაზრე პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას; ასევე აღინიშნა სომხეთის მზადყოფნა, ამ მიმართულებით ერთობლივი მუშაობა განაგრძოს პარტნიორებთან.