თეგი: არმენ გრიგორიანი
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. შევედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრისას ითქვა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.
ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მანდატი გააცნო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ყურადღება უკრაინაში მიმდინარე პროცესების განხილვას დაეთმო. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე, რეგიონული დიალოგის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის თუ სხვა მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - გივი თუმანიშვილი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე - გიორგი ღიბრაძე, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი- არშაქ მუსახანიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი - რუბენ სადოიანი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა