თეგი: ასვტრალია
ავსტრალია უკრაინას $12.7 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის 20 მილიონი ავსტრალიური დოლარის (12,7 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტში სხვა საშუალებებთან ერთად შედის განაღმვის მოწყობილობა, პორტატული რენტგენის აპარატები, ლითონის 3D პრინტერი და კონტრ-დრონის სისტემები. ავსტრალიაში შემუშავებული აღჭურვილობა დამზადებულია ავსტრალიური თავდაცვის ინდუსტრიის ოთხი ინოვაციური კომპანიის მიერ: DroneShield, Micro-X, Minelab და SPEE3D. ამ ახალი მხარდაჭერის პაკეტით, ავსტრალიის საერთო დახმარება უკრაინაში დაახლოებით, 910 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი, ავსტრალიის თავდაცვის ძალების 100-მდე პერსონალთან ერთად, გერმანიაში 6 თვით განლაგდა. ეს განლაგება უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ნაწილია. თვითმფრინავი „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც თვითმფრინავი და არც ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან. „ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რათა დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.