თეგი: ასოცირების კომიტეტი
მარინა კალიურანდის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შემდგომი თანხების გამოყოფა რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს
ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი შემდგომი თანხები რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით გაავრცელა. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოში, მოსახლეობაში და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, შემდგომი ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, თუმცა აღვნიშნეთ, რომ სიტუაცია კვლავ შესაძლებელია, გაუმჯობესდეს, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ სფეროებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე, კანონის მიღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში. კალიურანდი მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ ვაღიარებთ ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფ მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ზრდისა და სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, დაკავშირებადობაში ინვესტირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერული თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განგრძობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოსთვის, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ განვიხილეთ ყოვლისმომცველი რეფორმების კომპლექსი, რომელსაც საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებისას, მათ შორის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჩვენ მივესალმებით უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, სრულად გამოიყენოს AA/DCFTA-ს უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის ეტაპობრივი ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისთვის. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნები მძიმედ დაზარალდნენ პანდემიის ახალი ტალღისგან, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამაგალითო სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ მძიმე დროს და მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის სექტორის და ვაქცინების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას COVAX პლატფორმის ან პირდაპირი შემოწირულობების მეშვეობით, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვეთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ყალბი ნარატივების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაღიარეთ ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, ლგბტქი+ პირების მდგომარეობა კვლავ რთულია, რაც ტრაგიკულად აისახა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმებით, რამაც გამოიწვია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარში გაუქმება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. შეხვედრის დროს ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩამოთვლილია ეუთო/ODIHR-ის ანგარიშში“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორების შეშფოთების საგანია ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები; საერთო სასამართლოების ბოლო რეფორმა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმება და საკონსტიტუციო რეფორმის ნელი პროგრესი. „ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ კვლავ შესამჩნევია პოლიტიკური და მედია ლანდშაფტების პოლარიზაცია, როგორც მთავარი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღებული შეთანხმება აგრძელებს ევროპული გზის შეთავაზებას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ საქართველოში, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჟან მონეს დიალოგის, როგორც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ბოლოს დაფიქსირებულია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯები, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება ოკუპირებულ რეგიონებში. „და ბოლოს, რადგან ჩვენი შეხვედრა გაიმართა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებით და მუქარით უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ, ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზა არავის წინააღმდეგ არ არის გამიზნული და თითოეულ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, შეუფერხებლად გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთხოების ზომები”, - ვკითხულობთ განცხადებაში. 10 თებერვალს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-10 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ კომიტეტის თანათავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის წევრი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.