თეგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი
ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება
ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ დაიწყება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი გაუძღვება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც. „მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ, მიმოიხილავენ მის მიღწევებს და გამოავლენენ კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკის მომავლისთვის. შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას გააგრძელოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილება, რა უნდა იყოს ერთობლივი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები 2024 წელს, როგორ უნდა დაჩქარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება და როგორ გაიზარდოს თანამშრომლობა ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი და სინერგია სხვა რეგიონულ პოლიტიკასთან, როგორიცაა შავი ზღვის სინერგია. მინისტრები მიზნად დაისახავენ გააძლიერონ ვალდებულება 2024 წლის კონკრეტულ მიღწევებზე, განსაკუთრებით რეგიონული როუმინგის, საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სფეროში“, - წერია ევროკავშირის ინფორმაციაში. მინისტრებს სიტყვით მიმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.